პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი : პრეზიდენტი იტალიაშია და ამ დროს დავის დაწყება, თავად განსაჯეთ, რამდენად მიზანშეწონილია, მე მიუღებლად მიმაჩნია

პრეზიდენტი იტალიაში იმყოფება, იტალიის პრეზიდენტს ხვდება და ამ დროს დავის დაწყება, თავად განსაჯეთ, რამდენად მიზანშეწონილია, მე მიუღებლად მიმაჩნია - ამის გაკეთება სხვა დროს და სხვა ვითარებაში შეიძლებოდა, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ განაცხადა.

პირველად როცა „ქართულმა ოცნებამ" საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, ესეც მის ვიზიტებთან იყო დაკავშირებული, აღნიშნავს მსხილაძე.

„როგორც ცნობილია, პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება რომსა და ბრიუსელში, იტალიის პრეზიდენტს შეხვდა. მოგეხსენებათ, იტალია ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, რომელსაც ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე მნიშვნელოვანი როლის მოხდენა შეუძლია. ამ დროს, გუშინ, მთავრობის ადმინისტრაციიდან ინფორმაციას ვიღებთ, რომ გადაწყვიტეს, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართონ, პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილების გამიჯვნის თაობაზე. ეს პირველად არ ხდება, 14 მარტს, პრეზიდენტმა თავის საპარლამენტო გამოსვლისას ახსენა, რომ მას ვიზიტები დაგეგმილი ჰქონდა პარიზში, ბერლინში, ბრიუსელსა და ვარშავაში და მოუწია პრეზიდენტს ამ ვიზიტების პირად შეხვედრებად გადაქცევა.

მაშინაც, იგივე პრობლემა შეიქმნა. ეს შემთხვევით ხდება, შეგნებულად კეთდება თუ დაუფიქრებელი ნაბიჯებია, ეს არის საზოგადოების გადასაწყვეტი. საკონსტიტუციო სარჩელი ჯერ არ გვინახავს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოშია შესული. ვიდრე სარჩელს არ გავეცნობით, რა მოთხოვნებია და რის დაზუსტებას ითხოვს მთავრობა, მანამდე იურიდიულ დეტალებში შესვლა რთულია. ამიტომ, დაველოდოთ, სარჩელი როდის გახდება ცნობილი და ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომ შემოსული იყო 12 ელჩის კანდიდატურა და 12-ვეზე დადებითი პასუხი იყო. დეტალებში კონკრეტული ელჩების საკითხი არ ვიცი",- განაცხადა გიორგი მსხილაძემ.