უხანში ეპიდაფეთქების დაწყების შესახებ პირველი ინფორმაციის ჯანმოსთვის მიწოდებიდან ერთი წლის შემდეგ, სადღესასწაულო ღონისძიებები ჩატარდა. - აღნიშნულ ინფრომაციას Reuters-ი ავრცელებს.
Reuters-ი ჩინეთის ქალაქს სტატიას უძღვნის და წერს, როგორ აღნიშნა ახალი წელი უხანმა.
„პარასკევს შუაღამისას ჩინეთის ცენტრალურ ქალაქ უხანში ბევრი ხალხი გამოვიდა და 2021 წლის დადგომას ზეიმობდა მას შემდეგ, რაც პანდემიამ ათასობით ადამიანი იმსხვერპლა. ტრადიციის თანახმად, ასობით ადამიანი შეიკრიბა ჰანკოვის საბაჟო სახლის ძველი შენობის წინ, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საახალწლო ადგილია. უსაფრთხოებას პოლიცია იცავდა და რეგულაციების დამრღვევებს მიუთითებდა, რომ მათ ნიღაბი უნდა ეტარებინათ“, - წერს ბრიტანული მედია.
უხანში ვირუსი უკვე თვეებია ფართოდ არ არის გავრცელებული და აქ კონკრეტული ჯგუფების ვაქცინაციაც მიმდინარეობს. თუმცა კოვიდინფექციის გავრცელების მცირე ზრდა შეინიშნება ჩინეთის ზოგიერთ ქალაქში, მათ შორის პეკინში, რაც შეახსენებს უხანის მოსახლეობას, რომ პანდემია ჯერ არ დასრულებულა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.