Reuters უკრაინის სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთმა კიევს 210 უკრაინელი მებრძოლის ცხედარი გადასცა, რომელთა უმეტესობა მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხანაში ბრძოლისას დაიღუპა.
- უკრაინამ და რუსეთმა ერთმანეთს სამხედროების ცხედრები პირველად გადასცეს
- მედია: „აზოვსტალში“ დაღუპული დამცველების ცხედრები კიევში გადაასვენეს
„მარიუპოლის დამცველების ცხედრების გადმოსვენების პროცესი მიმდინარეობს. დღეისათვის ჩვენი 210 სამხედრო მოსამსახურე დაბრუნდა - უმეტესობა „აზოვსტალის“ გმირი დამცველია,“ - ციტირებს სააგენტო დეპარტამენტის წარმომადგენლის სიტყვებს.
დაზვერვის დეპარტამენტმა ასევე აღნიშნა, რომ მუშაობა გრძელდება "ყველა დატყვევებული უკრაინელი დამცველის სახლში დასაბრუნებლად".
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარიუპოლში ჩაბარებული ათასზე მეტი უკრაინელი სამხედრო და უცხოელი დაქირავებული სამხედრო საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. მათთან მჭიდროდ თანამშრომლობენ სამართალდამცავი ორგანოები. ერთი დღით ადრე დონეცკში დაიწყო მარიუპოლში დატყვევებული სამი უცხოელი დაქირავებული მებრძოლის სასამართლო პროცესი - ესენი არიან ბრიტანეთის მოქალაქეები შონ პინერი და ეიდენ ასლინი, ასევე მაროკოს სამეფოს მოქალაქე საადუნ ბრაჰიმი. როგორც გამოძიებამ დაადგინა, ყველა მათგანი უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მოქმედებდა, როგორც დაქირავებული „მონაწილეობდა დონეცკის სახალხო რესპუბლიკის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების მომზადებასა და წარმოებაში“. დაქირავებულ მებრძოლებს სიკვდილით დასჯა ემუქრებათ. დიდი ბრიტანეთის ვიცე-პრემიერმა დომინიკ რააბმა განაჩენს გასაჩივრების პირობა დადო.
4 ივნისს, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინამ და რუსეთმა ერთმანეთს სამხედროების ცხედრები პირველად გადასცეს.
გაცვლა 2 ივნისს ფრონტის ხაზზე, ზაპოროჟიეს რეგიონში შედგა. ოპერაცია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს, SBU-ს, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის და სხვა სამართალდამცავი უწყებების მონაწილეობით განხორციელდა.
ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტროს განცხადების თანახმად, ეს პირველი შემთხვევაა, როცა დაღუპულთა ცხედრების გაცვლა ოფიციალურად გამოცხადდა. მანამდე, როგორც უკრაინის, ასევე რუსეთის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მზად იყვნენ გარდაცვლილი სამხედროების ცხედრების გადასატანად, მაგრამ გაცვლაზე ვერ შეთანხმდნენ.
ცხედრების გაცვლაზე რუსულ მხარეს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.
რუსეთი და უკრაინა რეგულარულად არ აქვეყნებენ ინფორმაციას მათი შეიარაღებული ძალების დანაკარგების შესახებ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 1-ელ ივნისს ამერიკულ გამოცემა Newsmax-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინა ყოველდღიურად კარგავს 60-100 ჯარისკაცს. BBC-ის რუსული სამსახური 30 მაისს იტყობინებოდა, რომ ღია წყაროების მონაცემებით, შესაძლებელი გახდა უკრაინაში დაღუპული სულ მცირე 3052 რუსი ჯარისკაცისა და ოფიცრის სახელის დადგენა.