მერკელმა განმარტა, რატომ დაბლოკა საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ის მინიჭება

დეკემბერში თანამდებობის დატოვების შემდეგ, თავის პირველ ინტერვიუში ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სრულად შეიჭრებოდა მის მეზობელ ქვეყანაში ბევრად ადრე, თუ ის და სხვა მოკავშირეები 2008 წელს, NATO-ს სამხედრო ალიანსში გაწევრიანების ბლოკირების საკამათო გადაწყვეტილებებს არ მიიღებდნენ. 

უკრაინის წევრობის დაბლოკვის მიზეზად მერკელმა ასევე დაასახელა სისტემური კორუფციის საკითხები.

„პრეზიდენტი ზელენსკი გაბედულად ებრძვის კორუფციას, მაგრამ იმ დროს უკრაინა ნამდვილად იყო ოლიგარქების მიერ მართული ქვეყანა და ამიტომ, არ შეიძლება უბრალოდ თქვა - „კარგი, ხვალ ჩვენ მათ NATO-ში შევიყვანთ. ეს არ იყო უკრაინა, რომელსაც ჩვენ დღეს ვიცნობთ. ეს იყო უკრაინა, რომელიც იყო ძალიან, ძალიან გაყოფილი პოლიტიკურად. ეს არ იყო სტაბილური დემოკრატია“, - განაცხადა ყოფილმა კანცლერმა და დაამატა: „მეორეც, მე ძალიან დარწმუნებული ვიყავი… რომ პუტინი უბრალოდ არ აპირებდა ამის დაშვებას. მისი გადმოსახედიდან, ეს ომის გამოცხადება იქნებოდა.”

მერკელმა უარი თქვა ბოდიშის მოხდაზე მოსკოვის მიმართ პოლიტიკისთვის, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრას არ აქვს გამართლება.

ყოფილი კანცლერი ამტკიცებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობაში გულუბრყვილო არ ყოფილა.

მისი თქმით, პუტინს „სძულდა“ დემოკრატიის დასავლური მოდელი და სურდა ევროკავშირის „განადგურება“. მერკელმა რუსეთის პრეზიდენტის მოსაზრებებთან შეუსაბამობის კონტექსტში გაიხსენა, როგორ უთხრა პუტინმა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა იყო "მე-20 საუკუნის ყველაზე ცუდი მოვლენა". ყოფილი კანცლერი აღნიშნავს, რომ მისთვის, როგორც კომუნისტურ აღმოსავლეთ გერმანიაში გაზრდილი ადამიანისთვის, ბერლინის კედლის დაცემა ნიშნავდა თავისუფლებას.

შეგახსენებთ, 2008 წლის სამიტზე, ბუქარესტში საქართველომ და უკრაინამ MAP-ი ვერ მიიღეს.