გერჰარდ შრიოდერმა „გაზპრომის“ დირექტორთა საბჭოს წევრობაზე უარი თქვა

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა გერჰარდ შრიოდერმა „გაზპრომის“ დირექტორთა საბჭოში წარდგენაზე თანხმობა უკან გამოიწვია. ამის შესახებ რუსული მედია „გაზპრომის“ აქციონერთა ყოველწლიური კრებისთვის მომზადებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს.

შრიოდერის კანდიდატურა „გაზპრომის“ დირექტორთა საბჭოში თებერვალში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებამდე წამოაყენეს. შრიოდერი იმ დროს როსნეფტის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იყო. ომის დაწყების შემდეგ შრიოდერმა მაშინვე არ დატოვა როსნეფტი, რისთვისაც ის გერმანიაში გააკრიტიკეს. შრიოდერმა რუსული კომპანიის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელის პოსტიდან გადადგომის შესახებ მაისის მეორე ნახევარში განაცხადა. ამასთან, ყოფილმა კანცლერმა თქვა, რომ ის არ იქნება წარდგენილი „გაზპრომის“ დირექტორთა საბჭოში, მაგრამ ჯერჯერობით ამის ოფიციალური დადასტურება არ ყოფილა.


გერჰარდ შრიოდერი გერმანიის მთავრობას 1998-2005 წლებში ხელმძღვანელობდა. თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ ის ჩართული იყო რუსეთთან დაკავშირებულ პროექტებში, მათ შორის „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენის პროექტშიც.