პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჯეი დუდამ სამხრეთ ევროპის ქვეყნებში ტური დაიწყო.
- ევროპარლამენტი ევროკავშირის ლიდერებს რეკომენდაციით მიმართავს, რომ უკრაინას კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ - უკრაინული მედია
- ევროპარლამენტი მხარს უჭერს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მოლდოვისთვის - განცხადების პროექტი
დუდა ეწვევა პორტუგალიასა და იტალიას, რის შემდეგაც რუმინეთში მიიღებს მონაწილეობას NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის „ბუქარესტის ცხრიანის“ სამიტში (ბულგარეთი, რუმინეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, ჩეხეთი, ლიტვა, ლატვია და ესტონეთი).
დუდასთან ერთად ევროპულ ტურნეში სლოვაკეთის პრეზიდენტი ზუზანა ჩაპუტოვა უნდა წასულიყო, თუმცა მას კორონავირუსი დაუდგინეს და იძულებული გახდა გაეუქმებინა მოგზაურობა. მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა დუდას და ჩაპუტოვას მზადყოფნისთვის ეწვიონ ევროპულ დედაქალაქებს, რათა ლობირება გაუწიონ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს.
28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს მოაწერა ხელი. უკრაინამ განაცხადი ქვეყანაში რუსეთის შეჭრის და სრულმასშტაბიანი ომის ფონზე გააკეთა.