საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსზე რეზოლუციის მიღების ფაქტს Twitter-ზე გამოეხმაურა.
„გაეროს გენერალურმა ასამბლეამ კიდევ ერთხელ მიიღო რეზოლუცია, რომელიც 61 ქვეყანამ დაასპონსორა, მხარი კი 95 სახელმწიფომ დაუჭირა. ის ადასტურებს ყველა იძულებით გადაადგილებული პირისა და ლტოლვილის, ასევე მათი შთამომავლების უფლებას, დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში. მადლობას ვუხდით ამ ჰუმანიტარული საკითხის ყველა მხარდამჭერს," - წერს საგარეო უწყების ხელმძღვანელი Twitter-ის პირად გვერდზე.