ანდჯეი დუდა: ვინმე ელაპარაკებოდა ჰიტლერს? ვინმე ამბობდა, ისე მოვიქცეთ, რომ ეს არ იყოს დამამცირებელი ადოლფ ჰიტლერისთვის?

პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჯეი დუდამ გერმანულ გაზეთ Bild-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონის მხრიდან პუტინთან მოლაპარაკებების გამართვა აზრს მოკლებულია. დუდას შეფასებით, ეს ლეგიტიმურობას ანიჭებს მას, ვინც პასუხისმგებელია უკრაინაში რუსი სამხედროების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე. პოლონეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ „შოკირებულია“ რუსეთის ლიდერთან მიმდინარე მოლაპარაკებებით და განსაკუთრებით, მაკრონის ბოლო მოწოდების გამო, რომ „პუტინი არ უნდა დავამაციროთ“.

„ვინმე ასე ელაპარაკებოდა ადოლფ ჰიტლერს მეორე მსოფლიო ომის დროს. ვინმემ თქვა, რომ მას სახე უნდა შევუნარჩუნოთ? ვინმე ამბობდა, რომ ისე უნდა მოვიქცეთ,  რომ ჰიტლერი არ დავამციროთ?“, - აღნიშნავს პოლონეთის პრეზიდენტი.

ინფორმაციისთვის, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდასაჭერად, ანდჯეი დუდამ სამხრეთ ევროპაში ტური დაიწყო.