დიდი ბრიტანეთის საელჩო: საქართველოს მოქალაქეების ხმა გაგონილი უნდა იყოს

დიდი ბრიტანეთის საელჩო მიმდინარე პროცესებს „ყურადღებით აკვირდება.“ დიპლომატიური წარმომადგენლობის შეფასებით, საქართველოს მოქალაქეები მკაფიოდ და ხმამაღლა აფიქსირებენ თავიანთ სურვილს, გახდნენ ევროატლანტიკური ოჯახის წევრები და მათი ხმა უნდა იყოს გაგონილი.


„ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს. საქართველოს მოქალაქეები მკაფიოდ და ხმამაღლა აფიქსირებენ თავიანთ სურვილს, გახდნენ ევროატლანტიკური ოჯახის წევრები. მათი ხმა გაგონილი უნდა იყოს. მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის უფლება უნდა იყოს დაცული,“ ნათქვამია დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაში.


30 აპრილისა და პირველი მაისის ღამით, რუსთაველის გამზირზე, დაძაბულობისა და დაპირისპირების შემდეგ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტის განხილვა პარლამენტში ხმაურის ფონზე გრძელდება. მმართველი პარტია მწვავე საერთაშორისო კრიტიკის ფონზე, სადავო კანონის დაცვას განაგრძობდა.


შსს-მ განაცხადა, რომ „კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება" მას შემდეგ დაიწყო, რაც „აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს" და მონაწილეები სამართალდამცველებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.“ შს მინისტრის მოადგილის თქმით, აქციაზე დაკავებულია 63 ადამიანი, დაშავდა 6 პოლიციელი.


სახალხო დამცველის შეფასებით, პოლიციამ მანიფესტანტების მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენება, აუცილებელი და პროპორციული ჩარევის სტანდარტის დარღვევით დაიწყო.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმართავდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეეწყვიტა თბილისის ქუჩებში მშვიდობიანი აქციის დაშლა.


შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. 


პირველ მაისს პარლამენტმა სადავო კანონპროექტი, პროტესტის ფონზე, მეორე მოსმენით მიიღო, რასაც უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს შენობის გარშემო მოქალაქეთა მრავალათასიანი პროტესტი მოჰყვა. პარლამენტის შენობის გვერდით, ჩიტაძის ქუჩაზე, სპეცრაზმი იყენებდა წყლის ჭავლსა და ე.წ. წიწაკის სპრეის.


ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 1-2 მაისის ღამით, თბილისში პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციიდან 15 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. საპროტესტო აქციაზე დაშავებულთა ნაწილმა, რომლებიც საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ბრიგადებმა სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა, კლინიკები დატოვეს. სამინისტროს ინფორმაციით, ჰოსპიტალიზებულთა შორის არიან სამართალდამცველები. შს მინისტრის მოადგილის თქმით, „აქციის მონაწილეები ძალადობრივი ქმედებებით, სხვადასხვა ნივთისა და კონსტრუქციის გამოყენებით, ასევე გაურკვეველი წარმოშობის ცრემლმდენი აირის გამოყენებით ცდილობენ პარლამენტის შენობაში შეჭრას და ახორციელებენ თავდასხმებს პარლამენტის შენობაში მყოფ პოლიციელებზე.“ მან გვიან ღამით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ, „ძალადობრივი ქმედებების შედეგად“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი დაშავდა.


„ამ დროისთვის (22:25სთ) სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა ჩიტაძის ქუჩის მხრიდან საქართველოს პარლამენტის შენობის ჭიშკართან, სადაც აქციის მონაწილეთა ნაწილი ცდილობდა ჭიშკარის მთლიანობის დაზიანებას. საქართველოს სახალხო დამცველი განმარტავს, რომ მართალია შეკრების თავისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი შეკრების ადგილმდებარეობის არჩევის თავისუფლებაა, რასაც განსაკუთრებული დატვირთვა ენიჭება იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული ადგილი/დაწესებულება პროტესტის ობიექტია ან კონკრეტულ ლოკაციაზე შეხედულებების გამოხატვა ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა პროტესტის ადრესატამდე მისაღწევად, თუმცა ამ ეტაპზე პარლამენტის შენობაში შეწყვეტილია საკანონმდებლო პროცესი და მნიშვნელოვანია აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები არ გაცდნენ საქართველოს კონსტიტუციით დაცული მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს.


სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ შეახსენებს, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ შეკრების თავისუფლებაში ჩარევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აქცია მიიღებს ძალადობრივ ან/და კანონსაწინააღმდეგო ხასიათს, რა დროსაც ხელისუფლების მხრიდან შეკრების შეწყვეტა უკანასკნელ საშუალებად უნდა იქნას გამოყენებული, ხოლო აღნიშნულის ფარგლებში ძალის გამოყენება უნდა აკმაყოფილებდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრ ტესტს,“ - ნათქვამი იყო თავის მხრივ, სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში