მეხანძრე-მაშველებმა დუშეთში, ხევში ჩავარდნილი კაცი ამოიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კაცი მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაკისსოფელში მოქალაქე ჩავარდნილი იყო ხევში და ესაჭიროებოდა სამაშველო ჯგუფის დახმარება.
შეტყობინებაზე რეაგირება მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა და მამაკაცის დასახმარებლად დაიწყო სპეციალური სამაშველო ოპერაციის დაგეგმვა. რთული რელიეფის, ძლიერი ნისლის და უამინდობის, ასევე მოქალაქის ადგილსამყოფლამდე მისასვლელი საავტომობილო გზის არარსებობის გამო, შეუძლებელი იყო სამაშველო ოპერაციის სპეციალური ტექნიკით ჩატარება, შესაბამისად, მამაკაცის დასახმარებლად მაშველთა ქვეითი ჯგუფი გავიდა.
მეხანძრე-მაშველებმა დაშავებულის უსაფრთხო ადგილზე ჩამოსაყვანად ფეხით 15 კილომეტრამდე გაიარეს და მრავლობითი დაზიანებების მქონე მამაკაცი საკაცის საშუალებით საავტომობილო გზამდე გამოიყვანეს. ამ დროისთვის, მოქალაქე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მიერ უკვე გადაყვანილია საავადმყოფოში, სადაც მას აღმოუჩენენ აუცილებელ დახმარებას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.