აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, კარენ დონფრიდი უკრაინაში რუსეთის ომსა და საქართველოზე

აშშ-ის პოლიტიკა რუსეთის, უკრაინისა და ევროპის მიმართ იყო ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პრესკონფერენციის თემა, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტში 8 ივნისს გაიმართა. დონფრიდმა ისაუბრა უკრაინაში რუსეთის მიერ წამოწყებულ სრულმასშტაბიან ომზე, მანამდე არსებულ ვითარებასა და NATO-ს, აშშ-ისა და მისი პარტნიორების უპრეცედენტო ერთიანობაზე.

აშშ-ისა და ევროპის პასუხი, ყოველ შემთხვევაში, რუსეთ-უკრაინის ომზე, არის ძალიან ერთიანი და თამამი, მაგრამ როგორ ფიქრობთ, როგორ შეიძლება გაგრძელდეს ეს ერთობა? რადგან განსხვავებები უფრო და უფრო თვალსაჩინოა. საფრანგეთი, იტალია, გერმანია, საუბრობენ მოლაპარაკებებზე. პრეზიდენტმა მაკრონმა თქვა, რომ ვლადიმერ პუტინი არ უნდა იყოს დამცირებული. მეორე მხრივ, ჩვენ ვხედავთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, შეერთებული შტატებს და ამ ჯგუფს სურს, რომ რუსეთი დამარცხებული ნახოს. ამ შეკითხვით მიმართა პოლონელმა ჟურნალისტმა კარენ დონფრიდს.

„ბაიდენის ადმინისტრაცია ძალიან შეშფოთებული იყო 24 თებერვლამდე არსებული ვითარებით. ის, რასაც ჩვენ ვხედავდით, მიუთითებდა ზუსტად უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრაზე, რომელიც შემდეგ ვნახეთ, 24 თებერვალს. ბევრი ჩვენი მოკავშირე იზიარებდა ამ შეფასებას; სხვები - არა. ამრიგად, ვფიქრობ, როდესაც ეს სრულმასშტაბიანი შეჭრა მოხდა ზუსტად ისე, როგორც ჩვენ ვვარაუდობდით, NATO-ს ალიანსისა და აშშ-ის ურთიერთობა პარტნიორებთან ისე გაძლიერდა, როგორც არასდროს. ერთ საინტერესო ამბავზე გავამახვილბ თქვენ ყურადღებას - ევროკავშირიდან ჩემმა კოლეგამ რამდენიმე ჩვენგანს უთხრა, რომ ეს იყო ევროპის 11 სექტემბერი. და ვფიქრობ, განსაკუთრებით ევროპელებისთვის, რომლებსაც არ სჯეროდათ, რომ დღის ბოლოს პუტინი გადაწყვეტდა სრულმასშტაბიან შეჭრას, ეს შოკი იყო.

„ვფიქრობ, საოცარ ერთიანობამდე მივედით არამარტო იმ თვალსაზრისითაც, თუ როგორ შეუძლია NATO-ს, გააძლიეროს საკუთარი თავდაცვა, არამედ ევროკავშირთან თანამშრომლობის კუთხითაც, რათა დავრწმუნებულიყავით, რომ ჩვენ ერთად ვაკისრებთ ხარჯებს რუსეთს, რომ ცხადი გახდეს, რამდენად არასწორია მისი ქმედება. და ჩემ მიერ თავდაპირველად გაკეთებულ კომენტარს რომ დავუბრუნდე, ვფიქრობ, განსხვავებული გაგება არსებობდა იმის შესახებ, თუ რას გააკეთებდა სინამდვილეში რუსეთი.

მაგრამ ჩვენ მტკიცედ დავიკავეთ ჩვენი პოზიცია, რადგან ამის საფუძველია ის ფუნდამენტური პრინციპები, რომლებსაც ვიზიარებთ - რომ მიუღებელია სხვისი ქვეყნის სუვერენეულ ტერიტორიაზე შეჭრა; რომ თითოეულ ქვეყანას უნდა ჰქონდეს უფლება, აირჩიოს საკუთარი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა. ჩვენ გვჯერა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ამ პრინციპების და ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ მის დასაცავად. დიახ, იქნება გამოწვევები, მაგრამ ვფიქრობ, ის რაც გვაერთიანებს, ამ ყველაფერს გადაწონის“, - განაგრძო დონფრიდმა.

განიხილავთ თუ არა აშშ საქართველოსთან რაიმე სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებას, მრავალი სამხედრო საბრძოლო მასალის მიწოდებას და სხვა. ასევე, როგორ უყურებს ევროპარლამენტარების მოთხოვნას ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების შესახებ, ამერიკელმა დიპლომატმა ამ შეკითხვასაც უპასუხა.

„სანქციები არის ინსტრუმენტი, რომელსაც აშშ-ის მთავრობა იყენებს მთელ მსოფლიოში კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად. ჩვენ არასდროს ვაცხადებთ წინასწარ სანქციების შესახებ. მაგრამ ვფიქრობ, თქვენ ხედავთ, როგორ გამოიყენა აშშ-მ ეს ინსტრუმენტი სხვა ადგილებში...

და, მე ვიტყოდი საქართველოს შესახებ, რომ ჩვენ მოვუწოდებთ ქართველ ოფიციალურ პირებს წინ წაიწიონ სასიცოცხლო მნიშვნელობის დემოკრატიული რეფორმების მიმართულებით, რაზეც ჩვენ ასე მჭიდროდ ვიმუშავეთ ჩვენს ქართველ კოლეგებთან. მე ვფიქრობ, რომ ერთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რასაც ჩვენ ვხედავთ, არის ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ძლიერი დემოკრატიები და ყველა ჩვენგანის საჭიროება, ვიმუშაოთ ჩვენი დემოკრატიების განმტკიცებაზე.

ასე რომ, ჩემი გზავნილი საქართველოსთვის არის - განაგრძეთ წინსვლა ამ გზაზე, იყავით ძლიერი დემოკრატია. რასაც ჩვენ დღეს აქ ვაკეთებთ, ჩემი პატივისცემის მაგალითია ყველა თქვენგანის მიმართ. ნებისმიერ დემოკრატიაში თავისუფალი პრესა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ჩვენ უნდა ვიფიქროთ დემოკრატიის ყველა  ასპექტზე და დავრწმუნდეთ, რომ ჩვენს ქვეყნებში მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ გვქონდეს დემოკრატიები ძლიერი ინსტიტუტებითა და გავაგრძელოთ მუშაობა მის გასაძლიერებლად“, - აღნიშნა კარენ დონფრიდმა.