თბილისის საბავშვო ბაღებში საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყება

თბილისის საბავშვო ბაღებში 2022-2023 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა საყოველთაო რეგისტრაცია 10 ივნისს, 10:00 საათზე დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, რეგისტრაცია წარიმართება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე – www.kids.org.ge. აპლიკანტი ელექტრონულად დარეგისტრირებას შეძლებს ასაკობრივი კატეგორიის შესაბამისად.

"რეგისტრაციის მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ დასარეგისტრირებელი ბავშვი 30 სექტემბრის ჩათვლით უნდა იყოს არანაკლებ ორი წლის. რეგისტრაციის დღეს ვებგვერდზე იმუშავებს მხოლოდ სარეგისტრაციო ფორმა, რათა მომხმარებელს ძებნა გაუმარტივდეს და ინფორმაციის შეყვანისას დრო დაზოგოს. რეგისტრაცია ადგილების შევსებამდე გაგრძელდება, ხოლო იმ აღსაზრდელების მშობლებს, რომლებიც ვერ შეძლებენ ბავშვის დარეგისტრირებას კონკრეტულ ბაღში, შესაძლებლობა ექნებათ, 13 ივნისიდან სასურველ ბაღში სარეზერვო სიაში მოხვედრის შესახებ განცხადება წარადგინონ. თბილისის საბავშვო ბაღებში რეგისტრაციის გამარტივებული წესით კვლავ ისარგებლებენ უკრაინის მოქალაქე აღსაზრდელები, რომელთაც შესაბამისი დოკუმენტაციით უნდა მიმართონ სასურველ ბაღს ან ბაღების მართვის სააგენტოს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.