ტაილანდში მარიხუანა აკრძალული ნარკოტიკების სიიდან ამოიღეს

ტაილანდი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში პირველი ქვეყანაა, სადაც მარიხუანა აკრძალული ნარკოტიკების სიიდან ამოიღეს. შედეგად, დღეიდან მოქალაქეებს კანაფის მცენარის მოყვანისა და მოსავლით ვაჭრობის უფლება აქვთ, თუმცა, მარიხუანას რეკრეაციული მიზნით გამოყენება კვლავ აკრძალული რჩება.

რეფორმის მომხრეების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ რეკრეაციული მოხმარება კვლავ აკრძალულია, კანონმდებლობის შემსუბუქება ფაქტობრივად მარიხუანას დეკრიმინალიზაციას მოახდენს. ტაილანდის მთავრობა იმედოვნებს, რომ ადგილობრივი კანაფით ვაჭრობა სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარებას ხელს შეუწყობს.

ხელისუფლება მოქალაქეებს მცენარის მოყვანის წახალისების მიზნით 1 მილიონ კანაფის თესლს უფასოდ დაურიგებს. 9 ივნისიდან, მოქალაქეებს კანაფის მცენარის მოყვანისა და სამედიცინო კანაფის სამკურნალო მიზნებისთვის გამოყენების უფლება მიენიჭებათ. კანაფის კომერციული მიზნებისთვის გამოყენებისთვის კი მათ დამატებითი ლიცენზია უნდა აიღონ.


ტაილანდის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ეს ქვეყანას, ყოველწლიურად $288 მილიონის შემოსავალს მოუტანს.

ტაილანდი 2018 წლიდან სამხრეთ-აღმოსავლეთის ქვეყნებიდან პირველია, რომელმაც სამედიცინო მარიხუანას ლეგალიზება მოახდინა. გამოყენება და რეკრეაციული მიზნებისთვის მარიხუანას მოშენება, ტაილანდში ამ დრომდე აკრძალულია და ხანგრძლივ პატიმრობას ითვალისწინებს.