იმედი გვაქვს, როდესაც საქართველო, უკრაინა და მოლდოვა გავხდებით ევროკავშირის წევრი, იმ დროისათვის სხვაგვარი ევროპარლამენტი დაგვხვდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუცია შეიძლება აღქმულ იქნეს, როგორც ერთგვარი მინიშნება, რომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი შეიძლება არ მიენიჭოს.
„მტკიცებით ვერაფერს ვამტკიცებთ, მაგრამ დღევანდელი რეზოლუცია ამყარებს ცალკეული ექსპერტების მიერ გამოთქმულ ვარაუდს იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის გახმოვანებულ ვადაზე ადრე მოთხოვნის თემა საქართველოს არაკეთილმოსურნეებმა მოიგონეს, რათა ჩვენი ქვეყნისთვის და ხელისუფლებისთვის ხელოვნური სირთულეები შეექმნათ. ეს აჟიოტაჟი საეჭვოდ დაემთხვა ბაკურიანის შეკრებას, სადაც ცნობილი რევოლუციების ექსპერტი, პიტერ აკერმანი ნაციონალურ მოძრაობას, მის კუთვნილ პარტიებს, ტელევიზიებსა და ენჯეოებს ხელისუფლების გადატრიალებაში ატრენინგებდა. არ გამოვრიცხავთ, კანდიდატის სტატუსის გარშემო აჟიოტაჟის შექმნაც ბაკურიანის შეკრებაზე იყოს გადაწყვეტილი.
ოპოზიციის გათვლა მარტივია, რაზეც დღემდეც არაერთხელ მივაწოდეთ საზოგადოებას ინფორმაცია. მათი გათვლით, საქართველომ, უკრაინისგან და მოლდოვისგან განსხვავებით, არ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რასაც უნდა მოყვეს საზოგადოების ნაწილის, განსაკუთრებით ახალგაზრდების მღელვარება და ნაციონალური მოძრაობის მიერ ხელისუფლების გადატრიალება. ამ ყველაფრის დასასრული კი საქართველოს ომში ჩართვაა, რისთვისაც ასე გულმოდგინედ იღწვიანმთელი ეს თვეები ნაციონალური მოძრაობა და მისი მფარველები.
ევროპარლამენტის რეზოლუცია შეიძლება აღქმულ იქნეს როგორც ერთგვარი მინიშნება, რომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი შეიძლება არ მიენიჭოს. ასე თუ მოხდება, ბუნებრივია, ეს იქნება სრულიად ალოგიკური და უსამართლო გადაწყვეტილება, რაზეც საქართველოში მშვიდობით, სამართლის უზენაესობითა და ეკონომიკური წინსვლით დაინტერესებულ ყველა ადამიანს თავისი რეაქცია ექნება.
ჩვენ არ გავუსწრებთ მოვლენებს და დაველოდებით 23-24 ივნისს, როდესაც კანდიდატის სტატუსის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული. გადაწყვეტილების შესაბამისად, საზოგადოებას მივაწვდით მეტ ინფორმაციას კანდიდატის სტატუსის გარშემო განვითარებული კულუარული მოვლენებისადა შესაბამისი პირადი საუბრების შესახებ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ასევე წაიკითხეთ:
- ირაკლი კობახიძე: ევროკავშირის მაღალი რანგის ინსტიტუტიც „ფეიკის“ მსხვერპლი ხდება
- ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოს შესახებ - დეტალურად