- ევროპარლამენტი მიღებული რეზოლუციით მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მტკიცედ დაიცვან დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სასამართლო დამოუკიდებლობის, სამართლიანი სასამართლოს და ფუნდამენტური თავისუფლებების უმაღლესი სტანდარტები, მათ შორის მედიის თავისუფლების სფეროში და ამის საფუძველზე, ცალსახად წარმოაჩინონ პოლიტიკური გადაწყვეტილება, ქართველი ხალხის ამბიციური ევროპული მისწრაფებების რეალიზების შესახებ, რასაც მოწმობს ქვეყნის მიერ 2022 წლის 3 მარტის განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე; ევროპარლამენტი რეზოლუციაში გამოხატავს რწმენას, რომ საქართველოს ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებები იმსახურებს შესრულებას და მაშასადამე მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთვის, ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად, დამსახურების საფუძველზე და იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს ყველა კრიტერიუმს.
ევროპარლამენტმა განიხილა და კენჭი უყარა რეზოლუციას საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევის შესახებ. რეზოლუცია:
- გამოხატავს შეშფოთებას ბოლო წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების ვითარების მნიშვნელოვანი გაუარესების გამო, გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის თავისუფლების გარანტიისთვის საქართველოს მყარი საკანონმდებლო ბაზის მიუხედავად.
- გმობს ჟურნალისტების დაშინების, მუქარის, ძალადობის და დევნის შემთხვევების მზარდ რაოდენობას, მათ შორის მედიის სფეროში მომუშავეთა და მფლობელების მიმართ სისხლის სამართლის გამოძიებების მზარდ რაოდენობას. მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, საფუძვლიანად გამოიძიოს ძალადობის ნებისმიერი შემთხვევა და დასაჯოს პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ჟურნალისტებსა და მედიის სხვა მუშაკებზე ძალადობრივი თავდასხმების წაქეზებისა და განხორციელებისთვის.
- მოუწოდებს საქართველოს, უზრუნველყოს მედიის თავისუფლება, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს სარედაქციო დამოუკიდებლობას, მედიამფლობელობის გამჭვირვალეობას, და პოლიტიკური შეხედულებების პლურალისტურ, მიუკერძოებელ და არადისკრიმინაციულ გაშუქებას კერძო და, განსაკუთრებით, საზოგადოებრივი მაუწყებლების გადაცემებში, განსაკუთრებით, საარჩევნო კამპანიის დროს. მოუწოდებს საქართველოს, უზრუნველყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის შეუფერხებელი წვდომა და ჟურნალისტების და მედიის სხვა პროფესიონალების უსაფრთხოება, დაცვა და გაძლიერება.
- გმობს მთავარი ოპოზიციური ტელეარხის დირექტორის, ნიკა გვარამიას განაჩენს, რომელმაც ხაზი გაუსვა საქართველოს სასამართლო სისტემისადმი მუდმივ უნდობლობას; მხარს უჭერს ორგანიზაციის - „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მოწოდებას, მსჯავრის გადახედვის შესახებ. კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მთავრობის მხრიდან გადაუდებელ აუცილებლობას, ჭეშმარიტად წინ წაიწიოს სასამართლო სისტემის რეფორმის მიმართულებით, ფართო და ინკლუზიური მრავალპარტიული პროცესის მეშვეობით, რათა გაზარდოს სასამართლოს დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორის მიერ აღებული ვალდებულებების შესაბამისად.
- მოუწოდებს საქართველოს მთავრობის ყველა წარმომადგენელს, თავი შეიკავონ აგრესიული რიტორიკისა და დისკრიმინაციული მოპყრობისგან საქართველოში მედიის წარმომადგენლების მიმართ და მხარი დაუჭირონ ტოლერანტულ მიდგომას, რომელიც იცავს ადამიანის უფლებებს.
- კატეგორიულად გმობს 5 ივლისის მოვლენებს და ეფექტიანი გამოძიებისკენ მოუწოდებს. გმობს მუდმივ დისკრიმინაციას ლგბტქი+ პირების წინააღმდეგ; მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სრულად დანერგოს პრაქტიკაში, ადამიანის უფლებებისა და ანტიდისკრიმინაციის შესახებ კანონმდებლობა.
- მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ჩაატაროს ქმედითი გამოძიება მოსმენების სკანდალთან დაკავშირებით და დანერგოს სათანადო მექანიზმები სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ თვალთვალისა და მონაცემთა შეგროვების დემოკრატიული ზედამხედველობისთვის.
- ხაზს უსვამს უსაფრთხო და ხელსაყრელი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის აუცილებლობას ჟურნალისტებისთვის, მედიამუშაკებისთვის და მედიასაშუალებებისთვის, როგორც კანონმდებლობით, ასევე, პრაქტიკაში, მათ შორის იმ ჟურნალისტებისთვის, რომლებიც თავშესაფარს ეძებენ რუსეთის, ბელორუსის და სხვა ავტორიტარული რეჟიმების გამო. ამიტომ, მოუწოდებს საქართველოს, გამოიყენოს საერთაშორისო თანამშრომლობის მექანიზმი მედიაგარემოსა და შესაბამისი კანონმდებლობის გასაუმჯობესებლად, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად.
- აფასებს საქართველოს სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას საქმიანობას, მედიის თავისუფლების დაცვის კუთხით გაწეული ძალისხმევის ჩათვლით, ხელისუფლების მხრიდან რეგულარული თავდასხმების მიუხედავად.
- აღიარებს საქართველოში არსებულ მრავალფეროვან და პლურალისტურ მედია ლანდშაფტს, მაგრამ წუხილს გამოთქვამს მმართველ პარტიასა და კრიტიკულ მედიასაშუალებებს შორის, ასევე, ოპოზიციურ პარტიებსა და სამთავრობო მედიას შორის უკიდურესად დაძაბული ურთიერთობის გამო; გმობს მედია ლანდშაფტის პოლარიზაციას, რაც მიუთითებს პოლიტიკური ლანდშაფტის მზარდ და საზიანო პოლარიზაციაზე.
- კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს თავისუფალი მედიის საქმიანობაში ჩარევისგან ან მედიის მფლობელების ან წარმომადგენლების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო საქმის წარმოებისგან.
- მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ჰუმანიტარული ნიშნით ციხიდან გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რათა მას საზღვარგარეთ სათანადო მკურნალობის საშუალება მიეცეს.
- გამოხატავს შეშფოთებას საქართველოში რუსული დეზინფორმაციისა და ინფორმაციული მანიპულაციის ზრდის ტენდენციის გამო, უკრაინაში რუსეთის შეჭრის კონტექსტში და, მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, განავითაროს მედიაწიგნიერების, განათლების პროგრამები თავისი მოქალაქეებისთვის, მხარი დაუჭიროს სამოქალაქო საზოგადოებას ფაქტების შემოწმების მექანიზმების შექმნაში, გადადგას აქტიური ნაბიჯები, რათა თავიდან აიცილოს დეზინფორმაციული კამპანიები უცხოური ან ადგილობრივი აქტორების მხრიდან ქვეყნის დაუცველი ჯგუფების ან პირების, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების თემებში ან კონფლიქტით დაზარალებულ რაიონებში მცხოვრებლების და პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ.
- მოუწოდებს ყველა ქართველ პოლიტიკურ აქტორს, თავი შეიკავონ რუსული დეზინფორმაციის გამოყენების მცდელობებისგან, რადგან ეს მხოლოდ ხელს უწყობს დეზინფორმაციის შემდგომ გავრცელებას და საფრთხეს უქმნის სოციალურ ერთიანობას და დემოკრატიას.
- მოუწოდებს საქართველოს, მაქსიმალურად გამოიყენოს ყველა ინსტრუმენტი და ინიციატივა, რომელიც ეძღვნება აღმოსავლეთის პარტნიორობის ფარგლებში მდგრადობის გაძლიერებას და მოუწოდებს კომისიას და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, უზრუნველყონ პოლიტიკური, ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერა საქართველოში დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის.
- მიესალმება საქართველოს მონაწილეობას 2021-2027 წლების ევროპულ პროგრამაში; მოუწოდებს კომისიას და წევრ სახელმწიფოებს, მხარი დაუჭირონ ქმედებებს, რომლებიც აკონტროლებენ და აფასებენ მედიის პლურალიზმისა და თავისუფლების რისკებს, იცავენ საფრთხის ქვეშ მყოფ ჟურნალისტებს და ხელს უწყობენ ტრანსფორმაციას და კონკურენტუნარიანობას საქართველოს მედიასექტორში.
- მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მტკიცედ დაიცვან დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სასამართლო დამოუკიდებლობის, სამართლიანი სასამართლოს და ფუნდამენტური თავისუფლებების უმაღლესი სტანდარტები, მათ შორის მედიის თავისუფლების სფეროში და ამის საფუძველზე ცალსახად წარმოაჩინონ პოლიტიკური გადაწყვეტილება, ქართველი ხალხის ამბიციური ევროპული მისწრაფებების რეალიზების შესახებ, რასაც მოწმობს ქვეყნის მიერ 2022 წლის 3 მარტის განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე; გამოხატავს რწმენას, რომ საქართველოს ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებები იმსახურებს შესრულებას და მაშასადამე, მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთვის, ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად, დამსახურების საფუძველზე და იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველა კრიტერიუმს შეასრულებს.
შენიშვნა: ანა ფოტიგამ (ევროპელი კონსერვატორები და რეფორმატორები, ECR), მირიამ ლექსმანმა (ევროპის სახალხო პარტია, EPP), პეტრას აუსტრევიჩიუსმა (Renew Europe), რეზოლუციაში ცვლილებების ინიცირება მოახდინეს, რასაც მხარი დაუჭირა ევროპარლამენტმა.
მისი მიხედვით, ევროპარლამენტი გამოთქვამს შეშფოთებას იმ დესტრუქციული როლის გამო, რომელსაც საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ქვეყნის ერთადერთი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ასრულებს; მათ შორის, ჟურნალისტების და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებული დევნის გადაწყვეტილებებში; ღრმად შემაშფოთებელია ივანიშვილის პირადი და საქმიანი კავშირები კრემლთან, რაც განსაზღვრავს საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის პოზიციას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიმართ; მოუწოდებს საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს, განიხილონ ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება, საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო.