„ის რომ, ვერ ვაწვდით იარაღს უკრაინას, ამით, მიგვაჩნია, რომ ჩვენ ვიცავთ საქართველოს მოქალაქეების ინტერესს და ვაზღვევთ საქართველოს ახალი კონფლიქტის რისკისგან“, - შესაბამისი განცხადება თავდაცვის მინისტრმა პარლამენტში, მინისტრის საათში მოსმენისას გააკეთა.
„საქართველო და პირადად მე, როგორც მინისტრი, ოთხჯერ ვიყავი მიწვეული და მონაწილეობა მივიღე NATO-ს თავდაცვის მინისტერიალზე. შესაბამისად, უკრაინისთვის იარაღის გადანაწილების პროცესში ჩვენი არ მონაწილეობის შეფუთვა, თითქოს, საქართველო ჩამოშორდა საერთაშორისო თანამეგობრობას - არის სიცრუე და მიზნად ისახავს არამხოლოდ ხელისუფლების, არამედ ქვეყნის დისკრედიტაციას. უფრო მეტიც, ის რომ, ჩვენ ვერ ვაწვდით იარაღს უკრაინას, ამით, მიგვაჩნია, რომ ჩვენ ვიცავთ საქართველოს მოქალაქეების ინტერესს და ვაზღვევთ საქართველოს ახალი კონფლიქტის რისკისგან", -განაცხადა თავდაცვის მინისტრმა მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას.
„რატომ არ ვიყავით დაპატიჟებული რამშტაინში - იცით, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივნის ინიციატივით, დონორი სახელმწიფოების წარმომადგენლები იკრიბებიან. ესენი არიან ის სახელმწიფოები, რომლებიც უკრაინას შეიარაღებას აწვდიან. ჩვენი განცხადებული პოლიტიკაა, რომ სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვაწვდით იარაღს და ვერც ორმაგი დანიშნულების პროდუქციას, თუმცა მომდევნო კვირაში მე დავესწრები ამ შეხვედრას NATO-ს მინისტერიალის შემდეგ, მომდევნო კვირაში“, - აღნიშნა მინისტრმა თავის მხრივ, ოპოზიციონერი დეპუტატების შეკითხვის საპასუხოდ.
თავდაცვის მინისტრის შეფასებით, ომი უკრაინაში რუსეთის რევიზიონისტული ქმედებების გაგრძელებაა, რომლის მსხვერპლი საქართველო არაერთხელ გამხდარა.
დღესაც, ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია. პარალელურად საქართველო წლების განმავლობაში მუდმივად განიცდის ზეწოლას ჰიბრიდული ომის მეთოდების გამოყენებით, მათ შორის, „მცოცავი ოკუპაციით“, რაც მიზნად ისახავს ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე ზეგავლენის მოხდენას“, - აღნიშნა მინისტრმა.
მინისტრმა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე გაამახვილა ყურადღება.
„განსაკუთრებით დიდია გამოწვევები ევროპის იმ სივრცისთვის, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ჩრდილოატლანტიკური კოლექტიური უსაფრთხოების ნაწილი, მათ შორის არის ჩვენი ქვეყანა. აღნიშნული გამოწვევები მოითხოვს ჩვენი სუვერენიტეტის დაცვისთვის მაქსიმალურ ძალისხმევას და ჩვენი საზოგადოების ურყევი ღირებულებითი არჩევანის, ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის რეალიზაციას. ამ თვალსაზრისით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატობასთან დაკავშირებული განაცხადი, დაკმაყოფილების შემთხვევაში, არამხოლოდ წინ გადაგმული ნაბიჯი იქნება ჩვენი ერის პოლიტიკურ-ღირებულებითი არჩევანის გზაზე, გაზრდის საქართველოს ეკონომიკურ მიმზიდველობას, არამედ, გააძლიერებს უსაფრთხოების კომპონენტს“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.