კორონავირუსის ახალი შტამის გამო, 3 იანვრიდან ფილიპინები აშშ-დან ჩამსვლელებისთვის საზღვრებს კეტავს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი, ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით, ავრცელებს.
ქვეყანაში შესვლის აკრძალვა 15 იანვრამდე იმოქმედებს და შეეხება ყველას, ვისაც ფილიპინებში გამგზავრებამდე 14 დღით ადრე, შეერთებულ შტატებში მოგზაურობის ისტორია ექნება.
იქამდე, 29 დეკემბერს, ოფიციალურმა მანილამ ქვეყანაში შესვლა 20 ქვეყნიდან აკრძალა. ეს ქვეყნებია იაპონია, ავსტრალია, ბრიტანეთი, კანადა, დანია, საფრანგეთი, გერმანია, ჰონგ-კონგი, ისლანდია, ირლანდია, ისრაელი, იტალია, ლიბანი, ნიდერლანდები, სინგაპური, სამხრეთ აფრიკა, სამხრეთ კორეა, ესპანეთი, შვედეთი და შვეიცარია.
ფილიპინების ჯანდაცვის ორგანოების ცნობით, ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შტამი ჯერ არ გამოვლენილა და აღნიშნული აკრძალვით სურთ, მისი გავრცელების რისკი შეამცირონ.