თავდაცვის მინისტრმა განმარტა, რატომ არ იკრძალებიან მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები

რატომ არ იკრძალებიან მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები, პარლამენტში ოპოზიციონერების ამ შეკითხვას მინისტრის საათს ფორმატში უპასუხა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

„ჩვენ ვიმსჯელეთ ამ საკითხთან დაკავშირებით. გარდა იმისა, რომ ეს კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული, ამ საკითხს აქვს მეორე მხარეც, რომელიც შეიძლება, იყოს ობიექტური. ის მაქსიმუმი, რაც ჩვენ შევძელით და, მგონია, რომ ეს არ არის ცოტა... ავიღეთ ჩვენ თავზე ის, რომ მათ სამხედრო პატივს მივაგებთ, რა თქმა უნდა, ჩამოსვენების დროს, ხვდება ჩვენი წარმომადგენელი, ჩვენ ამ საკითხს პარტნიორებთანაც ვაჟღერებთ და ისინი მადლობას გვიხდიან ამისთვის“, - აღნიშნა მინისტრმა.