დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშერია, რომელიც იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციასთან ერთად ვიზიტით იმყოფება, სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტ სერჯიო მატარელასთან, პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგისთან, სენატის თავმჯდომარე მარია ელიზაბეტა ალბერტი კაზილატისთან და დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე რობერტო ფიკოსთან შეხვედრებში. ინფორმაცია პარლამენტის პრესსამსახურმა გაავრცელა.
შეხვედრებზე იტალიის რესპუბლიკის მაღალი თანამდებობების პირებმა კიდევ ერთხელ, სრული და მყარი მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ევროპული მისწრაფებების მიმართ.
საქართველოს დელეგაციის სრულ შემადგენლობასთან შეხვედრის დროს, ბექა ოდიშერიასა და რობერტო ფიკოს შორის გამართული დიალოგისას, დეპუტატთა პალატის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, წარსულში ორი ქვეყნის პარლამენტების ურთიერთობის მაღალ ხარისხს და ამ ურთიერთობის კიდევ უფრო თვისობრივად განმტკიცების მიზნით, გამოთქვა ინიციატივა, საქართველოს და იტალიის რესპუბლიკის პარლამენტებს შორის გაფორმდეს ღრმა პროტოკოლი. აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს სამუშაო პროცესი.
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშერიამ მადლობა გადაუხადა იტალიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს, მთავრობის წარმომადგენლებს და იტალიელ ხალხს, ქართული დიასპორის მიმართ განსაკუთრებული ზრუნვისა და დამოკიდებულების გამო.