აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე თბილისში შეხვედრებს მართავს

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი დემოკრატიის და ადამიანის უფლებათა საკითხებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს კარა მაკდონალდს შეხვდა.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის" წარმომადგენელი, გურამ იმნაძე აცხადებს, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხო „მძიმე პოლიტიკურ მართლმსაჯულებასა და დემოკრატიის კუთხით არსებულ მდგომარეობას".

„ცხადია, დავაფიქსირეთ ჩვენი მკაფიო პოზიცია, რომ გაუარესებული ადამიანის უფლებების მდგომარეობისა და მართლმსაჯულების რეფორმის ჩავარდნის მიუხედავად, ჩვენი ქვეყანა, ხალხი, ნამდვილად იმსახურებს მორიგ პოზიტიურ პასუხს ევროპარლამენტისგან, ევროკომისიისგან", - განაცხადა იმნაძემ.

„ჩვენ გადავეცით საიას და „საერთაშორისო გამჭვირვალობის" მიერ მომზადებული შეფასება ნიკა გვარამიას განაჩენთან დაკავშირებით. რასთან დაკავშირებითაც ის ძალიან კარგად იყო ინფორმირებული. ჩვენი საუბრის მნიშვნელოვანი ნაწილი შეეხო საქართველოს ევროინტეგრაციის გზას და რა როლს თამაშობს ამ შემთხვევაში ხელისუფლების პოლიტიკა ევროინტეგრაციის გზაზე, როგორ უშლის რეალურად ქვეყენას ხელს", - აცხადებს თავის მხრივ, საიას თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენლის, გიორგი ონიანის განცადებით, აშშ დეტალურად ინფორმირებულია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება ქვეყანაში, რომელიც რეფორმების კუთხით ერთ დროს რეგიონის ლიდერი იყო.

ამერიკის საელჩოს განცხადებით, კარა მაკდონალდი კიდევ ერთხელ დაადასტურებს შეერთებული შტატების მტკიცე ერთგულებას საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ და ხაზს უსვამს, რომ დემოკრატიული რეფორმები არის მათი შემდგომი გზა. დაგეგმილია კარა მაკდონალდის შეხვედრები ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ოპოზიციის ლიდერებთან. მისი ვიზიტი 13 ივნისამდე გრძელდება. საქართველოში ჩამოსვლამდე, კარა მაკდონალდი ვიზიტით სომხეთში იმყოფებოდა.