შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე 1989 წელს დაბადებული ბ.მ. დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დანაშაული შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა „საქართველოს ბანკის“ ფილიალში, იარაღის დემონსტრირებით, მოლარეს თანხა მოსთხოვა, უარის მიღების შემდეგ კი ამავე იარაღიდან გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ასევე წაიკითხეთ:
ბათუმში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში მძარცველი შეიჭრა