კონსტიტუციით, საქართველოს მთავრობა არის პასუხისმგებელი საგარეო პოლიტიკაზე, ხოლო პრეზიდენტს აქვს სიმბოლური ფუნქცია, მთავარია, სიმბოლომ კარგად გაიაზროს, რას ნიშნავს სიმბოლური როლი, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
„სიმბოლური ფუნქცია არ ნიშნავს ფუნქციის უქონლობას. სწორედ სიმბოლოები არის ხოლმე ჩვენი ერის ცხოვრებაში ხშირად გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი, მთავარია, რომ მოცემულმა სიმბოლომ კარგად გაიაზროს, რას ნიშნავს იყო სიმბოლო, რას ნიშნავს გქონდეს სიმბოლური როლი და რას ნიშნავს იყო ხელისუფლების სამი სხვა შტოს შუაგულში იმისთვის, რომ მოიპოვო ქართველი ერის ნდობა. ქართველი ერის ნდობის მოპოვება არ არის ადვილი. ამას სჭირდება შრომა და, რა თქმა უნდა, პრეზიდენტმაც ბევრი უნდა იშრომოს იმისთვის, როგორც ჩვენ, რომ გვქონდეს და რაც მთავარია შევინარჩუნოთ ეს ნდობა. რას აკეთებს საქართველოს მთავრობა იმისთვის, რომ ეს ნდობა შეინარჩუნოს – ეს ქვეყანა მიჰყავს ევროპულ გზაზე და ინარჩუნებს ძალიან დიდი სირთულის ფასად მშვიდობას და სტაბილურობას ამ ქვეყანაში, რაც მერწმუნეთ ადვილი არ არის.
ჩვენ ბოლო წლებია, რამდენიმე ფუნდამენტური რეფორმა გაგვიტარებია და მე ეს ძალიან კარგად ვიცი, ჩემი იუსტიციის მინისტრობიდან, თუ არ ჩავთვლით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს, ჩვენ იმხელა მასშტაბური და ფუნდამენტური რეფორმები გავატარეთ ყველა მიმართულებით, რომ პრაქტიკულად არცერთი საბჭოთა კანონი ამ ერთი კოდექსის გარდა, ჩვენს ქვეყანას არ აქვს. ჩვენ ქულებისა და პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით ვხედავთ, რომ იმ სამ ქვეყანას შორის, რომლებზეც ახლა არის ბრიუსელში საუბარი, ჩვენი ქვეყანა ანუ ხალხი, თქვენ ხართ სხვა ხალხებზე წინ და ეს თუ არ გიხარიათ ზოგიერთ ჟურნალისტს, ეს თქვენი პრობლემაა.
ველით, რას იზამს ქალბატონი პრეზიდენტი. თუ ის მიიღებს უსამართლო გადაწყვეტილებას, რომელსაც კრიმინალების შეწყალება ჰქვია, შემდეგ არ უნდა შეწუხდეს, თუ ქართველი ერი ამისთვის პასუხს მოსთხოვს“, – განუცხადა წულუკიანმა ჟურნალისტებს.
ასევე წაიკითხეთ: