საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის თქმით, ის განცხადებები, რომ თითქოს, აშშ-ს სურს საქართველოს ომში ჩათრევა და მეორე ფრონტის ხაზის გახსნა, 100%-ით რუსული დეზინფორმაციაა.
„30 წელია, ამერიკის შეერთებული შტატები მუშაობს და თანამშრომლობს საქართველოსთან, ევროატლანტიკურ სივრცეში სრული ინტეგრაციისთვის. ყველა ჩვენი პროექტი თუ პროგრამა რასაც ვაკეთებთ, მიმართულია იმისაკენ, რომ აღსრულდეს ქართველი ხალხის სურვილი, რაც გახლავთ NATO-სა და ევროკავშირი ინტეგრაცია. ეს უნდა ქართველ ხალხს და სწორედ ამას ვუჭერთ მხარს, რომ ქართველმა ხალხმა და ქვეყანამ მიაღწიოს წარმატებას მის ევროპულ მისწრაფებებში“, - აღნიშნა დეგნანმა.
ამასთან, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ აშშ-ს ომი არცერთ ქვეყანაში არ სურს. ვიდრე უკრაინაში საომარი მოქმედებები დაიწყებოდა, აშშ ყველაფერს აკეთებდა ამ კონფრონტაციის თავიდან ასაცილებლად.
„ის განცხადებები, რაც ისმის, რომ თითქოს, აშშ-ს სურს საქართველოს ომში ჩათრევა, მეორე ფრონტის ხაზის გახსნა, ეს არის 100%-ით რუსული დეზინფორმაცია. ეს აბსოლუტურად არ არის სიმართლე, იმიტომ, რომ აშშ-ს ყველაზე მეტად უნდა, რომ უკრაინაში ომი შეჩერდეს. აშშ ყველაფერს აკეთებდა, რომ ვიდრე საომარი მოქმედებები დაიწყებოდა, ომი თავიდან აეცილებინა. ამისთვის აშშ-მ დიდი მუშაობა გასწია. ჩვენ რა თქმა უნდა, არ გვინდა რომელიმე ქვეყანაში იყოს ომი. ზოგადად, ევროკავშირი და NATO არიან ორგანიზაციები, რომლებიც უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას, სტაბილურობას, წარმატებასა და მშვიდობას. სწორედ ევროატლანტიკური სივრცის წევრობა ნიშნავს და არის მშვიდობის გარანტი. ზუსტად ეს გვინდა ჩვენ, ზუსტად ეს უნდა ქართველ ხალხს და სწორედ ამიტომ ჩვენ ვართ სრულიად ერთგულნი საქართველოს ამ მისწრაფებების - ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის“, - აღნიშნა დეგნანმა.