პოდოლიაკი ღარიბაშვილს: უკრაინა საშინელ ფასს იხდის ევროპული დემოკრატიის არჩევისთვის, ღირებულებები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სარგებელი - თქვენთვის რა არის მნიშვნელოვანი? განაცხადის რიგის ნომერი?

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს პასუხობს და აცხადებს, რომ არავინ დგას რიგში ნებაყოფლობით იმისთვის, რომ რუსული რაკეტებისგან მოკვდეს. შესაბამისი ტექსტი პოდოლიაკის Twitter გვერდზე განთავსდა.

„უკრაინა საშინელ ფასს იხდის ევროპული დემოკრატიის არჩევისთვის. ევროკავშირი მაღალ ფასს იხდის თავისი ცივილიზაციის დასაცავად. ღირებულებები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სარგებელი. თქვენთვის რა არის მნიშვნელოვანი? განაცხადის რიგის ნომერი?", - წერს მიხაილო პოდოლიაკი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 13 ივნისს განაცხადა, რომ თუ ვინმეს ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, ეკუთვნის საქართველოს და შემდეგ უკრაინასა და მოლდოვას.


ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემის შემდგომ, ევროკომისია იწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს. 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.