შალვა პაპუაშვილი: სტატუსის მინიჭებაზე რომელიმე ქვეყნის გამორჩევა არასწორი პოლიტიკური გზავნილი იქნებოდა

"ბოლო პერიოდში სხვადასხვა მოდელთან დაკავშირებით გვესმის, ვხედავთ, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ არის პოზიტიური გადაწყვეტილებების მიღება სამივე ქვეყნის მიმართ - სტატუსის მინიჭებაზე რომელიმე ქვეყნის გამორჩევა არასწორი პოლიტიკური გზავნილი იქნებოდა, მიდგომა უნდა იყოს ერთიანი", – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„თუ მიდგომა იქნება, მიდგომა უნდა იყოს ერთიანი, რადგან აქ აწონ-დაწონვა, მით უმეტეს, ახლა, როცა დაჩქარებულ რეჟიმში ხდება გადაწყვეტილების მიღება, არ იქნებოდა სწორი და სამართლიანი მიდგომა ევროკავშირის მხრიდან. როცა პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე ვსაუბრობთ, სამივე ქვეყანას ესაჭიროება პოლიტიკური სოლიდარობის გამოცხადება და სამივე ქვეყანა ელოდება, რომ მასთან მიმართებით რუსეთის მიმართ იქნება ეს პოლიტიკური გზავნილები. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ევროპა გადაწყვეტილებას სწორედ იმ ღირებულებებით მიიღებს, რაც გულისხმობს სოლიდარობას, თანადგომას და ამავე დროს რუსეთის მიმართ თამამ გზავნილს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.


ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.