საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დანიის დედოფალთან, მის აღმატებულება მარგარეტ მეორესთან აუდიენცია გამართა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ წელს აღინიშნება საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლისთავი და ყურადღება გაამახვილეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტის მნიშვნელობაზე.
„მხარეებმა პოზიტიურად შეაფასეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მზარდი დინამიკა. ყურადღება გაამახვილეს დანიის სამეფოს საელჩოს თბილისში გახსნის გადაწყვეტილებაზე, რაც უფრო გააღრმავებს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას. პარლამენტის თავმჯდომარემ მადლიერება გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერისთვის“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.