ევროკომისია გადაწყვეტილებას 17 ივნისს გამოაცხადებს

ევროკომისიის პრესმდივანმა, ერიკ მამერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას ევროკომისია 17 ივნისს გამოაცხადებს.

„პრესაში ვნახე, რომ კომისიამ თითქოს უკვე მიიღო გადაწყვეტილება გუშინ. ეს არის მცდარი ინფორმაცია. გუშინ კომისიას არაფერი გადაუწყვეტია. ჩატარდა საორიენტაციო დებატები, რითაც კოლეგიის წევრებს საშუალება მიეცათ, გამოეხატათ თავიანთი ხედვა, თავიანთი მოსაზრებები ამ საკითხის შესახებ, რათა მომზადდეს გადაწყვეტილება, რომელიც გამოცხადდება პარასკევს. კოლეგია ემზადება ამ დებატებისთვის, სამსახურები ასრულებენ დოკუმენტებს. ხუთშაბათს გაიმართება კაბინეტების დირექტორების შეხვედრა, რომელზეც უნდა დადასტურდეს, არის თუ არა ყველაფერი რიგზე კოლეგიის დღის წესრიგში პარასკევისთვის, მათ შორის, კერძოდ, ეს პუნქტი. პარასკევს კი კოლეგია გამართავს დებატებს და გამოცხადდება დასკვნა. ეს არის სრულიად სტანდარტული პროცედურა, რომელიც მანამდეც გვქონდა“, – განაცხადა სპიკერმა.


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 13 ივნისს განაცხადა, რომ თუ ვინმეს ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, ეკუთვნის საქართველოს და შემდეგ უკრაინასა და მოლდოვას.


ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემის შემდგომ, ევროკომისია იწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს. 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.