გამოცემა Politico რამდენიმე ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ევროკომისიაში გამართული დისკუსიის შესახებ იუწყება. მედია ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკომისია უკრაინისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაციას გაუწევს. რაც შეეხება საქართველოს, გამოცემას ასეთი პროგნოზი აქვს.
„მოლდოვამ და საქართველომ ასევე გააკეთეს განაცხადი კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ოფიციალური პირების თქმით, კომისრები, საერთო ჯამში, მხარს უჭერენ მოლდოვას, სადაც ახლა ევროკავშირის მტკიცედ მომხრე მთავრობაა, მაგრამ ნაკლებად არიან დარწმუნებულები საქართველოს მიმართ, რომელიც, ბოლო წლებში, განიცდის ყოვლისმომცველ პოლიტიკურ არეულობას და შესამჩნევ დემოკრატიულ უკუსვლას“, - წერს Politico.
საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების მოლოდინში არიან. წევრი ქვეყნების პირველი დიპლომატების განცხადებებიდანაც ირკვევა, რომ ამ საკითხზე ბლოკში ერთიანი პოზიცია არ არის. ტრადიციულად, არიან სკეპტიკოსი ქვეყნები. კონკრეტულად, საქართველოსთან მიმართებით, რამდენიმე დღის წინ, საკუთარ გზავნილში დააფიქსირა პოზიცია ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა. ბრიუსელს სჯერა, რომ „საქართველოს შეეძლო, უკეთ მომზადებული შეხვედროდა ამ ისტორიულ მომენტს“. რა განწყობებია ევროპარლამენტში და რა გზავნილები აქვთ საქართველოს მიმართ ევროპარლამენტარებს. ამ საკითხის გარკვევას Europetime რამდენიმე დღის წინ შეეცადა.
ევროპარლამენტარი (ევროპელი მწვანეების ჯგუფი/ევროპული თავისუფალი ალიანსი) მარკეტა გრეგოროვა აღიარებდა, რომ არსებული პოზიციების გათვალისწინებით, ამ ეპატზე ბუნდოვანია, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის მინიჭების საკითხზე, თუმცა ჩეხი პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ ქვეყანამ მიზნისკენ სწრაფვა უნდა განაგრძოს. მარკეტა გრეგოროვა მიიჩევს, რომ სკეპტიციზმი არ ცვლის ფაქტს, რომ საქართველოს პარტნიორებს სურთ, საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის ნაწილი.
უპირველეს ყოვლისა, მინდა, ერთ საკითხზე გავამახვილო თქვენი ყურადღება. მიუხედავად ინსტიტუციური მდგომარეობისა, ევროკავშირი დგას საქართველოს გვერდით, ვიდრე საქართველოს სურს ჩვენ გვერდით დგომა. მინდა, ასევე აღვნიშნო, რომ შეიძლება, ახლა გარკვეულწილად, ბუნდოვანი და გაურკვეველი იყოს, როგორ გადაწყვეტენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები ბლოკის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს, თუმცა ეს არ აკნინებს ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობას და ამ დრომდე მიღწეულ პროგრესს. ეს არ ცვლის ფაქტს, რომ ჩვენ გვინდა, საქართველო ჩვენს ევროპულ ოჯახში რაც შეიძლება მალე ვიხილოთ“, - აცხადებდა Europetime-თან მარკეტა გრეგოროვამ.
Europetime-ის ინფორმაციით, საქართველოს მიერ ევროკავშირში წევრობის განაცხადის გაკეთების შემდეგ, საბჭომ კომისია შეკრიბა, რათა განაცხადის შესახებ თავისი მოსაზრება წარმოედგინა.
ევროკომისიის ოფიციალური წარმომადგენელი Europetime-თან ამბობს, რომ ევროკომისიაში კარგად ესმით, რა მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს მოსახლეობა კანდიდატის წევრობაზე განაცხადის გაკეთებას და კომისია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დასკვნაზე მუშაობა რაც შეიძლება მალე დაასრულოს. ამასთან, ევროკომისიის ოფიციალური წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ევროკავშირის გზაზე შემდგომი ნაბიჯების შესახებ გადაწყვეტილებები წევრი სახელმწიფოების მიერ მიიღება.
ევროპარლამენტარის, ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ანდრიუს კუბილიუსის შეფასებით, ევროკომისია ყოველთვის ითვალისწინებს მთლიან სურათს აპლიკანტი ქვეყნის მზადყოფნის შეფასებისას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 13 ივნისს განაცხადა, რომ თუ ვინმეს ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, ეკუთვნის საქართველოს და შემდეგ უკრაინასა და მოლდოვას.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემის შემდგომ, ევროკომისია იწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს. 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.