ვიოლა ფონ კრამონი: ის რომ, თითქოს, ჩვენ გვსურს, საქართველო ომში ჩაერთოს, აბსურდია

ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა, რომ ტყუილია, თითქოს, ევროპარლამენტში სურთ, საქართველო ომში ჩაერთოს. ევროპარლამენტარმა განაცხადა, რომ მათ უბრალოდ სურთ, დაინახონ, რომ საქართველო იმ რეფორმების ერთგულია, რომლის გატარების პირობაც ქვეყნის ხელისუფლებამ დადო.

„ეს არ შეესაბამება სიმართლეს, ეს ტყუილია, ეს შესაძლოა, საქართველოს მთავრობის მცდელობაა, რომ საკუთარი იმედგაცრუება აღმოფხვრან, მაგრამ ამას ჩვენ რეზოლუციასთან საერთო არაფერი აქვს“, - განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

კითხვაზე, რას შეიძლება, ახადოს ფარდა საქართველოს მთავრობამ, ევროდეპუტატმა შემდეგი პასუხი გასცა: ჩვენ არაფერი გვაქვს დასამალი. თუ რამისთვის არის ფარდა ასახდელი, ვთხოვთ, ეს გააკეთონ. მთელი ეს პროცესი გამჭვირვალეა, არის კრიტერიუმები, რომლებიც უნდა დაკმაყოფილდეს,“, - განაცხადა კრამონმა „ტვპირველის“ ეთერში.


„თითოეულ ჩვენგანს რომ სანქციები დაგვიწესონ, ქვეყანა ომში არ ჩაერთვება. ქვეყანაში იქნება მშვიდობა და სიმშვიდე, მოხდება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. პირველ რიგში, ისინი ვითომ ქვეყნის მეგობრებად რომ გვევლინებიან, თავიანთი ქვეყნები ჩართონ ომში. ჩვენზე ძლიერი ეკონომიკა აქვთ, ჩვენზე ძლიერი ჯარები ჰყავთ, ტექნოლოგიურად უფრო ძლიერები არიან, ფინანსურადაც უფრო მაგრად არიან, ხალხის რაოდენობითაც მეტნი ცხოვრობენ და საკუთარი ქვეყნები ჩართონ ამ ომში. საქართველოს არასდროს დაუხევია უკან. ჩვენ ძალიან დიდი ხარკი გავიღეთ თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში.

ქვეყნის ტერიტორიები სამწუხაროდ, ოკუპირებულია, არცერთ საერთაშორისო მისიაზე უარი არ გვითქვამს და ჩვენი ბიჭები ძალიან დიდი უმრავლესობით იყვნენ წარმოდგენილი, ერთ-ერთი საუკეთესოები იყვნენ, მაგრამ ეს დამოკიდებულება, რაც გუშინ მოვისმინეთ, კატეგორიულად მიუღებელი და სამარცხვინოა“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ, რითაც ევროპარლამენტის რეზოლუციას გამოეხმაურა.

ევროპარლამენტი მიღებული რეზოლუციით მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მტკიცედ დაიცვან დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სასამართლო დამოუკიდებლობის, სამართლიანი სასამართლოს და ფუნდამენტური თავისუფლებების უმაღლესი სტანდარტები, მათ შორის მედიის თავისუფლების სფეროში და ამის საფუძველზე, ცალსახად წარმოაჩინონ პოლიტიკური გადაწყვეტილება, ქართველი ხალხის ამბიციური ევროპული მისწრაფებების რეალიზების შესახებ, რასაც მოწმობს ქვეყნის მიერ 2022 წლის 3 მარტის განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე; ევროპარლამენტი რეზოლუციაში გამოხატავს რწმენას, რომ საქართველოს ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებები იმსახურებს შესრულებას და მაშასადამე მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთვის, ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად, დამსახურების საფუძველზე და იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს ყველა კრიტერიუმს.