„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ 16 ივნისის შეკრების ინიციატივა „სამწუხაროდ, ცოტა მოუმზადებელია, რადგან აქციის ორგანიზება ბევრ რამესთან არის დაკავშირებული“.
ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ როდესაც მნიშვნელოვან თემაზე იგეგმება აქცია, მას წინასწარ მომზადება და გააზრება სჭირდება, რადგან „აქცია რომ ჩავარდეს, იქნება ძალიან მძიმე“.
„სამწუხაროდ, ცოტა მოუმზადებელია ეს ინიციატივა, რადგან ჩვენ ვიცით ზოგადად, რომ აქციის ორგანიზება ბევრ რამესთან არის დაკავშირებული, ბევრ ნიუანსთან. ეს აქცია რომ ჩავარდეს, იქნება, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე. ცოტა ხალხი რომ მივიდეს, ცუდად რომ იყოს ორგანიზებული ა.შ. არასწორი სურათი რომ შეიქმნას აქციაზე, ეს იქნება ძალიან ცუდი.
ჩვენ ყველაფერი უნდა გავთვალოთ, გავიაზროთ და მის შემდეგ მივიღებთ, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებას. მე, რა თქმა უნდა, გამიჭირდება ერთპიროვნულად ამაზე პასუხის გაცემა და არა მარტო ერთპიროვნულობაზეა საუბარი, ანალიზი სჭირდება ყველაფერს. როცა აქცია იგეგმება ასეთ მნიშვნელოვან თემაზე, ის უნდა იყოს კარგად გააზრებული და ჩვენი გადაწყვეტილებაც ბუნებრივია, იქნება სათანადოდ გააზრებული, ამიტომ დღეს, ამაზე გაგვიჭირდება პასუხის გაცემა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.
საქართველოს პრეზიდენტმა საზოგადოებას 16 ივნისს შეკრებისკენ მოუწოდა. სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებსაც მიმართა, შეუერთდნენ ამ შეკრებას. პრეზიდენტმა მიმართა პოლიტიკურ პარტიებს, ვისი მიზანიც ევროპაა, მასთან „ერთად დადგნენ მიკროფონების გარეშე“.