შალვა პაპუაშვილი ფინეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ფინეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს, მატი ვანჰანენს და პარლამენტის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოსა და ფინეთს შორის არსებული ნაყოფიერი ურთიერთობები განიხილეს. აღინიშნა, რომ პოზიტიურად ვითარდება საპარლამენტო თანამშრომლობა, მათ შორის, მეგობრობის ჯგუფებს შორის.

 შალვა პაპუაშვილმა საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანებაზე შეტანილ განაცხადსა და კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებულ მოლოდინებზე ისაუბრა. მან მადლობა გადაუხადა ფინეთს  საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის.

 მხარეებმა, ასევე, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან თანამშრომლობა მიმოიხილეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე, ნატოში გაწევრიანება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. შალვა პაპუაშვილმა   წარმატება უსურვა ნატოში გაწევრიანების გზაზე მყოფ ფინეთს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი სკანდინავიის ქვეყნებში გრძელდება. საპარლამენტო დელეგაციაში დეპუტატები: ნიკოლოზ სამხარაძე, მაკა ბოჭორიშვილი, მაია ბითაძე და ჰერმან საბო შედიან.