„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პრეზიდენტ ზურაბიშვილის კრიტიკის საპასუხოდ ევროკავშირის ტრანშზე უარის თქმის მიზეზზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. კობახიძის განმარტებით, საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის 75 მლნ ევროს კრედიტზე უარი ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის გამო თქვა.
„სალომე ზურაბიშვილმა გუშინ გამოიყენა „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტების კიდევ ერთი მესიჯბოქსი ე.წ. დემოკრატიულ უკუსვლასთან დაკავშირებით. ე.წ. დემოკრატიული უკუსვლის შესახებ განცხადების გამყარება მან რამდენიმე გარემოებით სცადა. შევეხებით თითოეულ მათგანს: მაგალითად, 75 მილიონის მოცულობის კრედიტზე უარის თქმა. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ევროკავშირის მიერ გამოსაყოფი 75 მილიონი იყო არა გრანტი, არამედ კრედიტი და ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის გამო, საქართველოს მთავრობამ დამატებითი ფინანსური ვალდებულებების აღებაზე სრულიად დასაბუთებულად თქვა უარი. ამასაც რომ თავი დავანებოთ, რა კავშირი აქვს კრედიტზე უარის თქმას ე.წ. დემოკრატიულ უკუსვლასთან, სრულიად გაუგებარია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„შეიძლება, ჩამოვთვალო მთელი რიგი ნაბიჯების, რომელიც გადაიდგა ხელისუფლების მიერ იმ დღიდან, როდესაც ჩვენ ვიკრიბებოდით ბათუმში და დეკლარაციას ვიღებდით, აქეთ ზელენსკი, მაია სანდუ და შარლ მიშელი და ეს იყო ჩვენთვის ძალიან დიდი ნაბიჯი ტრიოს ფორმატში. ამის შემდეგ დაიწყო და აღარ გაჩერებულა სხვადასხვა გადაწყვეტილება. პირველ რიგში, შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება - კაცი ჩამოვიდა 18-19 ივლისს და 28 ივლისს გამოვაცხადეთ ანულირება. შემდეგ, 5 ივლისის საქმეზე არაქმედითი გადაწყვეტილებების მიღება. ევროკავშირის 75-მილიონიან სესხზე ისე უარის თქმა, თითქოს, ეს არ გვჭირდება“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა 14 ივნისს გამართულ ბრიფინგზე.
ცნობისათვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2021 წლის 31 აგვისტოს განაცხადა, რომ მთავრობა თავს შეიკავებდა ამ სესხის აღებაზე, თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება. ამის მიზეზად ღარიბაშვილმა საგარეო ვალის შემცირება დაასახელა. მთავრობის განცხადებას ევროკავშირის წარმომადგენლობაში საგანგებო ბრიფინგი მოჰყვა, სადაც აღნიშნეს, რომ საქართველომ საკმარისად ვერ შეძლო, შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების პირობა. უფრო ადრე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს. მაშინ, პრეზიდენტმა ევროკავშირის სესხის მიღებაზე უარს გაუგებარი ნაბიჯი უწოდა.
„უარი ვთქვით ისეთ სესხზე, რომელზეც არსებობდა რისკი, რომ არ ჩამოირიცხებოდა“, - განაცხადა თავის მხრივ, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკურიძემ ევროკავშირის მაროფინანსურ ტრანშზე საუბრისას.