ფინანსთა მინისტრის მოადგილე ევროკავშირის მაროფინანსურ ტრანშზე: უარი ვთქვით ისეთ სესხზე, რომელზეც არსებობდა რისკი, რომ არ ჩამოირიცხებოდა

ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ დღეს, ფრაქციის „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ სხდომაზე მოხსენებით გამოვიდა. დღის წესრიგში შედიოდა საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის მოსმენა. მინისტრის მოადგილემ ფრაქციის წევრებს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი გააცნო. გიორგი კაკაურიძემ ევროკავშირის მაკროფინანსურ ტრანშზეც ისაუბრა, როდესაც დახმარებაზე უარის მიზეზებზე დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ჰკითხა.

დეპუტატი დაინტერესდა, რამდენად დამაზიანებელი იყო ეს გადაწყვეტილება ევროკავშირი-საქართველოს ურთერთობებისთვის როგორც პოლიტიკური, ისე ფინანსური თვალსაზრისით.

„ჩვენი ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის ვალი საკმაოდ მაღალია. განსაკუთრებით მაღალია იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ მთლიან ვალში 80% საგარეო ვალის წილია. ეს რომ იყოს საშინაო ვალი, ასეთ შემთხვევაში რისკი ნაკლები იქნებოდა. საგარეო ვალის მაჩვენებელი ჩვენი ეკონომიკისთვის საკმაოდ მაღალია და ყველა მცდელობა მიმართული უნდა იყოს იქეთკენ, რომ ეს ვალი შევამციროთ.

წელს უკვე ხელმოწერილი დოკუმენტების ფარგლებში კიდევ რაღაცებზე უარის თქმა მოგვიწევს. მათ შორის წარმოვადგენთ რატიფიცირებული დოკუმენტების ცვლილებას. სადაც პროექტები იყო დაგეგმილი, მისი ან დროში გადავადება მოგვიწევს ან ჩვენი რესურსის გამოყენება და ვალის შემცირება. საგარეო ვალის ნაწილში ბევრი მიმართულებით იქნება ცვლილება - გარკვეული ცვლილებები თითქმის ყველა საფინანსო ინსტიტუტთან გვექნება.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახალ ვალს აღარ ავიღებთ. ჩვენ საფინანსო ინსტიტუტებიდან ვალს ყოველწლიურად ავიღებთ, როგორც კონკრეტული პროექტების დასაფინანსებლად, ასევე ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტებისთვის.

ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტები ყოველთვის მნიშვნელოვანია არამხოლოდ იმიტომ, რომ რესურსი ბიუჯეტის ხარჯების დასაფინანსებლად გვჭირდება, არამედ იმიტომ, რომ ეს თანხა რეფორმებს მოჰყვება. რეფორმები მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკური და გრძელვადიანი განვითარებისთვის.

რაც შეეხება უშუალოდ ევროკავშირის თანხას, ის იყო ერთ-ერთი კომპონენტი, რომელიც რეფორმებს მოჰყვებოდა. ჩამოთვლილი იყო სხვადასხვა რეფორმა 10-12 მიმართულებით. პუნქტობრივად რომ გავყვეთ დეტალურად, ყველა მათგანი შესრულებულია. დარჩა მხოლოდ ერთი ნაწილი. მე სასამართლო სისტემის შემფასებლად ნამდვილად არ გამოვდგები. აქაური ექსპერტები, ვინც პროცესში იყვნენ ჩართული, თვლიან, რომ შესრულდა ზუსტად ის, რაც ხელშეკრულებაში ეწერა, თუმცა ევროკავშირის წარმომადგენლობა საჯაროდ აცხადებდა, რომ გარკვეული პირობები შესრულებული არ იყო და შინაარსობრივად არ შეიცავდა იმ რეფორმას, რომელი რეფორმაც იგულისხმებოდა. ევროკავშირის სესხს (და არა დახმერებას) პირობები ნამდვილად კარგი აქვს, თუმცა არის სესხი და დასაბრუნებელია ეს თანხა.

პირობების კუთხით კი, ბევრ სესხთან მიმართებით უკეთესია. ევროკავშირთანაც გვქონდა კომუნიკაცია და მათი ჩართულობით, წმინდად ეკონომიკური და ფინანსთა სამინისტროს ნაწილი რაც იყო გასაკეთებელი, ყველა რეფორმა განხორციელდა, დარჩა სასამართლოს ნაწილი, რომელზეც სხვადასხვა პოზიცია არსებობდა. როდესაც დადგა საკითხი, რომ ამ სესხს რაღაც პრობლემა შეიძლება, ჰქონოდა, შესაბამისად, როცა უნდა მიგვეღო გადაწყვეტილება, თუ რომელ სესხზე გვეთქვა უარი, ვთქვით ისეთ სესხზე, რომელზეც რისკი არსებობდა, რომ არ ჩამოირიცხებოდა", - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

მისივე თქმით, ყოფილა შემთხვევები, როცა გარკვეული რეფორმების გაუტარებლობის გამო ქვეყანამ ვერც გრანტის ნაწილი მიიღო.

„გრანტი შედარებით ცოტაა, მაგრამ იყო შემთხვევები, როდესაც 5,7,10 მლნ გრანტი სრულდ ვერ მივიღეთ, რადგან გარკვეული რეფორმები ვერ გატარდა.

„რა თქმა უნდა, ეს არ არის კარგი, არა იმიტომ რომ ქვეყანამ გრანტი დავკარგეთ, არამედ იმიტომ, რომ რეფორმები ვერ მივიყვანეთ ბოლომდე“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

მანვე დაამატა, რომ ევროკავშირთან გრძელდება თანამშრომლობა, რომ რეფორმებზე დაფუძნებული რესურსი მიიღოს ქვეყანამ.

„თქვენ ადასტურებთ, რომ მაკრო-ფინანსურ დახმარებაზე უარი თქვით იმიტომ, რომ იცოდით, ისედაც ვერ მიიღებდით ამ დახმარებას?“, - მიმართა საპასუხოდ, სალომე სამადაშვილმა მინისტრის მოადილეს.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, შინაარსი არის ის, რომ რამდენიმე სესხზე უარი უნდა გვეთქვა და წელს უფრო ნაკლები სესხები აგვეღო, შესაბამისად, ვთქვით იმაზე უარი, რომელზეც რისკი იყო, რომ შეიძლება არ ჩამორიცხულიყო“, - აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 31 აგვისტოს განაცხადა, რომ მთავრობა თავს შეიკავებს ამ სესხის აღებაზე, თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება და ამის მიზეზად საგარეო ვალის შემცირება დაასახელა. უფრო ადრე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს.

მთავრობის განცხადებას ევროკავშირის წარმომადგენლობაში საგანგებო ბრიფინგი მოჰყვა, სადაც აღნიშნეს, რომ საქართველომ საკმარისად ვერ შეძლო, შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების პირობა.

მანამდე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შეახსენა საქართველოს მთავრობას, რომ მაკროფინანსური დახმარების გაცემის თარიღი ახლოვდებოდა და დროა, საქართველოს მთავრობამ აჩვენოს, რომ შეთანხმებების ერთგულია.

ამავე თემაზე:

კახა გოგოლაშვილი: მომავალში, როდესაც ბევრი სხვა დახმარება დაგვჭირდება, ევროკავშირი ნებისმიერ შემთხვევაში მოგვთხოვს რეფორმების შესაბამისობაში მოყვანას

რას ითვალისწინებს ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებაზე მემორანდუმი და რა წერია დოკუმენტში