საქართველოს გავლით ევროკავშირში შაჰ-დენიზის საბადოდან გაზის მიწოდება დაიწყო

შაჰ-დენიზის პროექტის ფარგლებში საქართველოს გავლით ევროკავშირის ქვეყნებში გაზის მიწოდება დაიწყო. სამხრეთ კორიდორის პროექტის ამოქმედებით, საქართველო ენერგოუსაფრთხოების კუთხით საერთაშორისო დონის სტრატეგიულ მოთამაშედ იქცა.

სამხრეთ კავკასიის გაზსადენიდან საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთისა და ალბანეთის ტერიტორიების გავლით, აზერბაიჯანული გაზი ევროკავშირის 7 ქვეყანას და თურქეთის 10 მსხვილ შემსყიდველს მოემსახურება.

როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აღნიშნა, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის პოლიტიკური ეფექტი, რომელიც გაზის სამხრეთი კორიდორის განვითარებას მოჰყვა.

„თუ დღემდე საქართველო გაზის მხოლოდ რეგიონული მნიშვნელობის სატრანზიტო ქვეყანას წარმოადგენდა – ახორციელებდა აზერბაიჯანული გაზის ტრანზიტს თურქეთში და რუსული გაზის ტრანზიტს სომხეთში – ახლა იგი უკვე საერთაშორისო მასშტაბის მოთამაშედ ჩამოყალიბდა. ამიერიდან ქვეყნის ტერიტორიაზე გატარებული გაზი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საერთაშორისო, ძირითადად ევროკავშირის ენერგეტიკული ბაზრების დივერსიფიკაციისა და მიწოდების უსაფრთხოების ამაღლებაში. გაზის სამხრეთის დერეფნის მნიშვნელოვანი დანიშნულებაა, აგრეთვე, კონკურენციის გაძლიერება საერთო ევროპულ ბაზარზე. ამავდროულად, უზრუნველყოფილი იქნება ბალკანეთის იმ ქვეყნების მომარაგება კომერციულად მიმზიდველი და ეკოლოგიურად მინიმალური ზიანის მომტანი ბუნებრივი გაზით, რომლებიც დღემდე არ იყენებდნენ მას, ან კრიტიკულად არიან დამოკიდებული რუსული გაზის იმპორტზე”, - აღნიშნა საქართველოს პრემიერმა.

სამხრეთი გაზის კორიდორი სამი მილსადენის – „სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოება“ (SCPX), „ტრანს-ანატოლიური“ (TANAP) და „ტრანს-ადტრიატიკული“ მილსადენების (TAP) პროექტისაგან შედგება. სამხრეთის გაზის დერეფნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი -ტრანსანატოლიური მილსადენის პროექტი (TANAP) საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად, გასულ წელს გახსნა“, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

692 კმ. სიგრძის სამხრეთ კავკასიური მილსადენი კასპიის ზღვის აზერბაიჯანის სექტორში მდებარე შაჰ-დენიზის საბადოდან საქართველოს ტერიტორიის გავლით, საქართველო-თურქეთის საზღვრამდე გაზის ტრანსპორტირებისათვის დაპროექტდა.

სრული წარმადობით ამუშავებისა და განვითარების დამატებითი ეტაპების დასრულების შემდეგ გაზსადენი წელიწადში 20 მილიარდ კუბურ მეტრ აირს გაატარებს. საზღვარზე გაზსადენი თურქეთის მხარის მიერ აშენებულ განშტოებას უერთდება, რომელიც SCP-ს ერზრუმის ადგილობრივ გაზმომარაგების სისტემასთან აკავშირებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი პროცესის დაწყებას აფასებს ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით მას დიდ წინგადადგმულ ნაბიჯად აცხადებს:

საქართველო, მოქმედი სამთავრობათაშორისო და მასპინძელი ქვეყნის შეთანხმებებით და შესაბამისი ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებებით, შეღავათიან ფასებში - საბაზრო ფასთან შედარებით დაახლოებით 2-ჯერ და მეტად ნაკლები ფასით მიიღებს გაზს სამხრეთ კავკასიურ მილსადენის პროექტიდან. ოპციური გაზის კონტრაქტი საშუალებას იძლევა მიღებულ იქნეს გატარებული გაზის 5 %-მდე მოცულობის გაზი ყოველწლიურად. კონტრაქტი ძალაშია 2066 წლამდე. დამატებითი გაზის კონტრაქტი ძალაშია 2026 წლამდე და საქართველო, ამ კონტრაქტით, ყოველწლიურად 500 მლნ მ3-მდე გაზს მიიღებს.

პროცესის დაწყებას, ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა უწოდა ეკონომიკის მინისტრმა.

„ვულოცავ ამ ისტორიულ დღეს აღნიშნული პროექტის მონაწილე ყველა მხარეს - ყველა ქვეყანას და კონსორციუმს. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს გავლით ენერგოდერეფნის განვითარებისთვის. დასრულდა სამხრეთის გაზის დერეფნის პროექტის ბოლო ფაზა ტრანსადრიატიკული გაზსადენი. ამ დიდი რეგიონალური პროექტის მეშვეობით აზერბაიჯანიდან, შაჰ-დენიზის საბადოდან საქართველოსა და თურქეთის გავლით ბუნებრივი აირი ევროპას მიეწოდა“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ.

სრული წარმადობით ამუშავებისა და განვითარების დამატებითი ეტაპების დასრულების შემდეგ, გაზსადენი წელიწადში 20 მილიარდ კუბურ მეტრ აირს გაატარებს. საზღვარზე გაზსადენი თურქეთის მხარის მიერ აშენებულ განშტოებას უერთდება, რომელიც SCP-ს ერზრუმის ადგილობრივ გაზმომარაგების სისტემასთან აკავშირებს.

ამ მილსადენის მშენებლობა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე იმავე დერეფანში გადის, რომელშიც BTC მილსადენი, 2006 წელს დასრულდა. BTC მილსადენის მსგავსად, ისიც მიწაშია ჩაფლული. SCP მილსადენის საშუალებით კასპიის ზღვის შაჰ-დენიზის საბადოდან მოპოვებული ბუნებრივი აირი, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის მომხმარებელს მიეწოდება.