რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა კიევში ევროპელ ლიდერებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციააზე განაცხადა, რომ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოსთვის, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, მნიშვნელოვანია ყველა ღირებულების ირგვლივ ძლიერი და გრძელვადიანი ფარის ასაგებად.
იოჰანისის თქმით, როცა ევროპის ისტორიისთვის გარდამტეხი მომენტია, ეს არაჩვეულებრივი დრო მოითხოვს არაჩვეულებრივ სტრატეგიულ და შორსმჭვრეტი პასუხს. რუმინეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „ყოყმანის დრო არ არის“.
„მომავალ კვირას, ევროპულ საბჭოში, უკრაინისთვის, მოლდოვისა და საქართველოსთვის, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, მნიშვნელოვანია ყველა ღირებულების ირგვლივ ძლიერი და გრძელვადიანი ფარის ასაგებად“, - განაცხადა კლაუს იოჰანისმა.
ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემის შემდგომ, ევროკომისია იწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.