გერმანიის ელჩი იმედოვნებს, რომ საქართველოს ექნება „გარკვეული პროგრესი ევროპულ გზაზე“

საქართველოში გერმანიის სრულუფლებიანმა ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა ევროპის მოედანზე პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ აქციაზე განაცხადა, რომ მოლოდინი მაქვს, რომ ერთი კვირის განმავლობაში, ევროპის საბჭოს შეხვედრის შემდეგ, საქართველოს, მთავრობის მეთაურებს უკვე ექნებათ გარკვეული პროგრესი ევროპულ გზაზე. ელჩის შეფასებით, არ აქვს მნიშვნელობა, ეს დიდი ნაბიჯი იქნება თუ პატარა, მაგრამ იმედი აქვს, რომ იქნება პროგრესი და ხალხის მხარდაჭერით და პოლიტიკური ძალების სრული ჩართულობით.

,,ეს საღამო ევროპას შეეხება. სხვა რამ ამ საღამოს არ არის მნიშვნელოვანი. ეს არ არის მთავრობის შეკრება. რამდენიმე ადამიანს ველაპარაკე. ისინი მკაფიოდ უჭერენ მხარს ევროკავშირს, მათ უნდათ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს და პოლიტიკური პარტიებისგან სწორად ამას მოელიან. მოლოდინი მაქვს, რომ ერთი კვირის განმავლობაში, ევროპის საბჭოს შეხვედრის შემდეგ, საქართველოს, მთავრობის მეთაურებს უკვე ექნებათ გარკვეული პროგრესი ევროპულ გზაზე. არ აქვს მნიშვნელობა, ეს დიდი ნაბიჯი იქნება თუ პატარა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ იქნება პროგრესი და ხალხის მხარდაჭერით და პოლიტიკური ძალების სრული ჩართულობით, საქართველოს მთავრობას, ოპოზიციას და ქვეყანას შესაძლებლობა ექნებათ, გაიარონ ევროკავშირის წევრობის გზა”, - განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.

„ევროკავშირის გაწევრიანების კონტექსტში დღევანდელი შეკრება არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ეს საღამო მხოლოდ ამ თემას ეძღვნება. რა თქმა უნდა, ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ ყველაფერს, რაც ხდება. სხვა დემონსტრაციებიც თავისუფალი ნების გამოხატულებაა. ამ საღამოს ჩვენ ევროპული ინტერესის სიწმინდეს ვხედავთ“, - განაცხადა გერმანიის ელჩმა.