ექსკლუზივი
საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, Europetime-ის შეკითხვას უპასუხა აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში უილიამ კორტნიმ. ამერიკელი დიპლომატი ვარაუდობს, რომ დროთა განმავლობაში საქართველო ევროკავშირთან, დანარჩენ ევროპასთან, უფრო და უფრო მჭიდრო კავშირებს განავითარებს, თუმცა ამ ეტაპზე, „ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებული დემოკრატიული რეფორმების განხორციელებაზე საქართველოს უარმა, შესაძლოა, ქვეყნის პროგრესი ევროკავშირთან შეაფერხოს“.
„დროთა განმავლობაში, საქართველო ევროკავშირთან, დანარჩენ ევროპასთან, სავარაუდოდ, უფრო და უფრო მჭიდრო კავშირებს განავითარებს, მაგრამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებული დემოკრატიული რეფორმების განხორციელებაზე საქართველოს უარმა, შესაძლოა, ქვეყნის პროგრესი ევროკავშირთან შეაფერხოს. ზოგიერთმა ევროკავშირში, შეიძლება, დასკვნები გამოიტანა, რომ საქართველოში პოლიტიკა მეტად არასტაბილურია კანდიდატისთვის, რომელიც წევრობისკენ მიისწრაფვის“, - განუცხადა Europetime-ს უილიამ კორტნიმ.
საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების მოლოდინში არიან.
ევროკომისიის შეფასებას წინ უძღოდა: 9 ივნისს, ევროპარლამენტის მიერ, საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევის შესახებ რეზოლუცია: ევროპარლამენტმა მიღებული რეზოლუციით მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, მტკიცედ დაიცვას დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სასამართლო დამოუკიდებლობის, სამართლიანი სასამართლოს და ფუნდამენტური თავისუფლებების უმაღლესი სტანდარტები, მათ შორის მედიის თავისუფლების სფეროში და ამის საფუძველზე, ცალსახად წარმოაჩინონ პოლიტიკური გადაწყვეტილება, ქართველი ხალხის ამბიციური ევროპული მისწრაფებების რეალიზების შესახებ, რასაც მოწმობს ქვეყნის მიერ 2022 წლის 3 მარტის განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე; ევროპარლამენტმა რეზოლუციაში გამოხატა რწმენა, რომ საქართველოს ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებები იმსახურებს შესრულებას და მაშასადამე მოუწოდა ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთვის, ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად, დამსახურების საფუძველზე და იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს ყველა კრიტერიუმს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას ასოცირებული ტრიოს ფორმატი აერთიანებთ, რომლის შესახებაც მემორანდუმი ქვეყნებმა 17 მაისს, კიევში გააფორმეს.
მემორანდუმის ხელმოწერით, სამი ქვეყნის საგარეო უწყებები შეთანხმდნენ ერთობლივი საკოორდინაციო და თანამშრომლობის ფორმატის – „ასოცირებული ტრიოს“ დაფუძნების თაობაზე, რომლის მიზანი იყო სამი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის შემდგომი გაღრმავება. მემორანდუმში სამივე ქვეყანამ აღიარა, რომ მათი საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა, რის საფუძველსაც ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლი წარმოადგენს. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა.
ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.