აქცია, რომელსაც მიზნად აქვს დასახული ხელისუფლების შერყევა, დესტაბილიზაციის გამოწვევა და იმის ძახილი, თურმე არც თუ ისე ევროპული მთავრობა მართავს ქვეყანას, არის ღიმილის მომგვრელი, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რითაც 20 ივნისისთვის დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, ქართველმა ხალხმა ქუჩაში გასვლის გარეშეც იცის, რომ მათი ადგილი არის იმ ევროპაში, რომელიც ნამდვილ ღირებულებებზეა დაფუძნებული.
„ქართველმა ხალხმა ქუჩაში გასვლის გარეშეც იცის, სად არის მისი ადგილი. მისი ადგილი არის იმ ევროპაში, რომელიც დაფუძნებულია ნამდვილ ღირებულებებზე, რადგან მსოფლიოში ბევრი გამოწვევის მიუხედავად, ჩვენ ვართ ხალხი, ვინც ვინარჩუნებთ ჩვენს კულტურას და ვახერხებთ, რომ ვიდგეთ ნამდვილ ღირებულებებზე. დღევანდელი დღეც სწორედ ამას ემსახურება, ვაძლიერებთ ანსამბლებს, რომლებიც არიან ერთ-ერთი აქტორები ამ გზაზე, რათა გლობალიზაციაში შევინარჩუნოთ კულტურა, ენა. ეს არის ევროპა – მრავალფეროვნება ერთ ორგანიზაციაში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.