61 წლის ასაკში გარდაიცვალა პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე

ქუთაისში კორონავირუსით გარდაიცვალა საქართველოს უზენაესი საბჭოს ყოფილი წევრი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე.

ტარიელ ფუტკარაძე კორონავირუსით 9 დეკემბერს დაინფიცირდა. ის საავადმყოფოში მკურნალობდა, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ტარიელ ფუტკარაძე იყო სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის "ქართველური ენათმეცნიერება" ავტორი და ხელმძღვანელი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში. საბაკალავრო, სამაგისტრო და სადაქტორო პროგრამების ("ქართული ფილოლოგია", "ქართველური ენათმეცნიერება") ავტორი და ხელმძღვანელი საქართველოს საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში.

ტარიელ ფუტკარაძე იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკიდან "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო"; ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); ასევე იყო ქ. ბათუმის პრეფექტი (1991) და 1991 წლის 31 მარტს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის თემაზე საქართველოში ჩატარებული საყოველთაო რეფერენდუმის ორგანიზატორი აჭარაში.