უკრაინის მთავრობა ქვეყნის აღდგენის გეგმას წარადგენს

უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენი შმიგალი ამბობს, რომ მომდევნო თვეში მთავრობა უკრაინის აღდგენის შესახებ გეგმას წარადგენს. შმიგალმა აღნიშნა, რომ უკრაინა ქმნის ამბიციური აღდგენის გეგმას და თვლის, რომ ბრიტანული კომპანიები მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ ამ საქმეში.

„ჩვენ ვეყრდნობით რეგიონულ მიდგომას, რომელიც მოიცავს ერთ-ერთი პარტნიორი ქვეყნის მეურვეობას კონკრეტულ რეგიონში, ან ინდუსტრიაში. დანიამ უკვე აიღო მეურვეობა მიკოლაივის რეგიონის აღდგენის შესახებ. ბალტიის სახელმწიფოები ხელს შეუწყობენ ჟიტომირის რეგიონის აღდგენას. პორტუგალია აღადგენს უკრაინულ სკოლებს. უკრაინაში ყველამ იცის, რომ დიდი ბრიტანეთი, როგორც პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი დაგვპირდა, მონაწილეობას მიიღებს კიევისა და კიევის რეგიონის აღდგენასა და განვითარებაში“, - განაცხაადა შმიგალმა ბრიტანულ-უკრაინულ სამიტზე ონლაინ გამოსვლის დროს.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული ზიანის ოდენობამ უკვე მიაღწია 104 მილიარდ აშშ დოლარს, ხოლო რუსული არმიის დაბომბვის შედეგად, მინიმუმ 45 მილიონი კვადრატული მეტრი საცხოვრებელი, 656 საავადმყოფო, 1200 -ზე მეტი საგანმანათლებლო დაწესებულება, თითქმის 25,000 კილომეტრი გზა, 300 ხიდი, 12 აეროპორტი განადგურებულია ან დაზიანებულია.

შმიგალმა აღნიშნა, რომ აღდგენის პროგრამა მთლიანად შეფასებულია უკრაინის მთავრობის, საერთაშორისო ექსპერტებისა და ევროკომისიის მიერ და მისი ღირებულება 500-600 მილიარდი ევროა.

„ამიტომ, ჩვენ ვამბობთ, რომ უკრაინის გამარჯვება ბრძოლის ველზე 50% -იანი გამარჯვებაა. დანარჩენი 50% არის ჩვენი სახელმწიფოს აღდგენა, ჩვენი ეკონომიკის, ენერგიისა და ინფრასტრუქტურის ტრანსფორმაცია”, - აღნიშნა მთავრობის ხელმძღვანელმა.