უკრაინის უმაღლესმა რადამ რატიფიცირება მოახდინა უკრაინასა და დიდი ბრიტანეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობაში ცვლილებების შეტანის შესახებ შეთანხმებას. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
განმარტებითი ბარათის მიხედვით, დოკუმენტის მიღება საჭიროა შეთანხმების ძალაში შესვლისათვის საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის დასასრულებლად. როგორც ცნობილია, 2021 წლის პირველ იანვარს, უკრაინასა და დიდ ბრიტანეთს შორის ახალი შეთანხმება შევიდა ძალაში.
თავისუფალი ვაჭრობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებამ დიდ ბრიტანეთთან ორმხრივ ურთიერთობებში, ჩაანაცვლა ასოცირების შეთანხმება უკრაინასა და ევროკავშირს, ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის.
ახალი საერთაშორისო შეთანხმება ეფუძნება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და წარმოადგენს მის გაგრძელებას უკრაინასა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ორმხრივ ურთიერთობებში.