პაატა იმნაძე: სამი საეჭვო შტამიდან ორი უარყოფითია, მესამეზე ხვალ გაირკვევა არის თუ არა ის ახალი შტამი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის ცნობით საქართველოში დაფიქსირებული სამი საეჭვო შტამიდან ორი უარყოფითია.

იმნაძის ცნობით, ამ ეტაპზე მესამე შტამზე მიმდინარეობს კვლევა და ხვალ გაირკვევა, არის თუ არა ის მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირებული Covid 19-ის ახალი შტამი.

„ხვალისთვის უკვე იქნება საბოლოო შედეგი. ახალი შტამი ყველგან არის, არა მხოლოდ თურქეთში, სხვადასხვა სახელი ჰქვია, მაგრამ ახალი შტამები ბევრ ქვეყანაშია უკვე აღმოჩენილი. საბედნიეროდ, ამ ახალ შტამს სიმძიმე არ მომატებია, ახალი შტამი უფრო ადვილად ვრცელდება, უფრო ადვილად აღწევს ადამიანის უჯრედში, ამიტომაც უფრო გადამდებია. უკვე არსებული შტამებისგან სიმძიმით არ განსხვავდება“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

კორონავირუსის ახალი შტამი, რომელიც პირველად ბრიტანეთში დაფიქსირდა, უკვე მსოფლიოს 33-ზე მეტ ქვეყანაში გავრცელდა. - ამის შესახებ ინფორმაციას New York times-ი ავრცელებს.

ბრიტანეთის გარდა, ვირუსის ახალი შტამი დაფიქსირდა შემდეგ ქვეყნებში: შეერთებული შტატები, თურქეთი, ავსტრალია, ბელგია, ბრაზილია, კანადა, ჩილე, ჩინეთი, დანია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია , ისლანდია, ინდოეთი, ირლანდია, ისრაელი, იტალია, იაპონია, იორდანია, ლიბანი, მალტა, ნიდერლანდები, ნორვეგია, პაკისტანი, პორტუგალია, სინგაპური, სამხრეთ კორეა, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია და არაბთა გაერთიანებული საემიროები, აგრეთვეა ტაივანი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალი შტამი დაფიქსირდა სამხრეთ აფრიკაშიც.

ვირუსის ახალი შტამის გავრცელება, ძირითადად, ბრიტანეთში მოგზაურობის ისტორიას უკავშირდება. როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, კორონავირუსის ახალი შტამი საგანგაშო არ არის.

გავარცელებული ინფორმაციით, Covid-19-ის ახალი შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება. ბრიტანეთმა ახალი შტამის აღმოჩენის შესახებ განცხადება 8 დეკემბერს გააკეთა.

ახალი შტამის აღმოჩენის შემდეგ, რამდენიმე ქვეყანამ ბრიტანეთთან მიმოსვლა აკრძალა, თუმცა, ევროკავშირმა ქვეყნებს მოუწოდა, შეზღუდვები გაემარტივებინათ.