საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე ევროკომისიის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
„ევროკომისიის რეკომენდაციების დიდი ნაწილი, ისედაც იყო ჩვენს დღის წესრიგში ჩადებული. არის სხვა საკითხები, რომლებსაც ჩვენ გავარკვევთ ბრიუსელთან, ვიმუშავებთ და მივიღებთ კანდიდატის სტატუსს“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
ამასთან, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ 17 ივნისს ევროკომისიამ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო.
„პირველად გაჩნდა ისტორიული ჩანაწერი, რომ ევროკავშირი და ევროკომისია ევროპულ საბჭოს აძლევენ რეკომენდაციას, რომ საქართველოს პერსპექტივა მიენიჭოს, რათა ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს. როგორ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ქალბატონმა ურსულამ ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, ევროპამ საქართველოს კარი გაუღო. ეს ნამდვილად ისტორიული გადაწყვეტილებაა. თითოეულ ქართველს ვულოცავ ამ ისტორიული გადაწყვეტილების მიღებას. მეორე, რაც ევროკომისიამ თავის რეკომენდაციაში ჩაწერა და მიმართა საბჭოს, არის შემდეგი, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, როგორც კი პრიორიტეტები და პირობები შესრულდება. ევროპული საბჭო როგორც კი დაამტკიცებს აღნიშნულ რეკომენდაციებს, ჩვენ რა თქმა უნდა მაშინვე დავიწყებთ მუშაობას ბრიუსელთან“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.