შვილის მკვლელობაში ბრალდებულ 62 წლის ქალს მოსამართლემ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

დღეს, 3 იანვარს, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, ბორჯომში შვილის მკვლელობაში ბრალდებულ 62 წლის ქალს, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

როგორც ბრალდებულმა სასამართლოზე განაცხადა, ეს არ იყო განზრახ მკვლელობა.

„არ მჯერა რომ ეს ყველაფერი მოხდა, თითქოს სიზმარში ვარ და ველი რომ ამ სიზმრიდან გამოვალ. ციხეში თუ არ ვიქნები და გამათავისუფლებენ მონასტერში წავალ და აღვიკვეთები“- განაცხადა შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა.

პროცესზე პროკურატურა ეჭვმიტანილის მხოლოდ პატიმრობას მოითხოვდა. მათი თქმით, 2021 წლის პირველ იანვარს ღამის საათებში, ბრალდებულმა თ.ა-მ შვილს ი.ა-ს გულ-მკერდის არეში ჭრილობა დანით მიაყენა, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია.

ბრალდების მხარის თქმით, დაკავებულის მიმალვისა და მოწმეებზე ზეგავლენის საშიშროება არსებობდა. შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილს საზღვრის რამდენჯერმე კვეთა უფიქსირდება. ასევე აქვს საზღვარგარეთ ბინადრობის უფლება.

„შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოიღეს დანა, ასევე აღმოჩენილია სისხლის ლაქები, მოკლულის ტანისამოსი რომელზეც ასევე სისხლის ლაქებია და დაზიანებულია,“- აღნიშნა ბრალდების მხარემ.

მათივე განმარტებით არსებობს, მოწმეთა ჩვენებები, ასევე დაჭერის და ჩხრეკის ოქმები. გარდა ამისა ჩასატარებელია მთელი რიგი საგამოძიებო პროცედურები.

დაკავებულის ადვოკატის, ეკა აბაშიძის განცხადებით მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაზარალებულია საქმე ეხება თავდაცვას. ადვოკატის ინფორმაციით, 61 წლის ქალს მისი შვილი ადრეც დაესხა თავს, რომელსაც ფსიქო-ემოციური პრობლემები ჰქონდა.

ადვოკატმა გარდაცვლილის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ, სასამართლოს დოკუმენტები წარუდგინა.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იყო დაზარალებული და ამას მოწმობს, გასულ წელს მომხდარი ფაქტი, რომელშიც გარდაცვლილს აღკვეთის ღონისძიება შეეფარდა და სადაც დაზარალებული მისივე დედა იყო, მიუხედავად ამისა დედამ შვილს 5000 ლარი გირაო გადაუხადა. მოკლულს რიგი დაავადებები ჰქონდა, ასევე იყო ფსიქო-ემოციურად გაუწონასწორებელი. საზღვარგარეთიდან კი დედა სწორედ, შვილის მისახედად და სამკურნალოდ ჩამოვიდა“, - აღნიშნა ადვოკატმა.

ადვოკატი არ ეთანხმება პროკურატურის მიერ წარმოთქმულ აზრს, რომ არსებობს მოწმეთა ჩვენები, რადგან აბაშიძის განმარტებით, დანაშაულის ჩადენის დროს სახლში, იმ კონკრეტულ ოთახში მხოლოდ დედა და შვილი იმყოფებოდნენ.

ეკა აბაშიძე აღკვეთის ღონისძიებად გირაოს, 10 000 ლარის ოდენობით ითხოვდა.

ადვოკატის მტკიცებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მხრიდან მიმალვის საშიშროება არ არსებობს. აბაშიძემ სასამართლოს შესთავაზა საქმის მიმდინარეობის პერიოდში ბრალდებულს საერთაშორისო პასპორტი ჩამოერთვას და საზღვარგარეთ ბინადრობის უფლების დოკუმენტი.

მიუხედავად ამისა, მოსამართლე, მარიკა ჩიტაშვილმა ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

„დაკმაყოფილდეს პროკურატურის შუამდგომლობა პატიმრობასთან დაკავშირებით, რადგან სასამართლო თვლის რომ არსებობს მიმალვისა და მტკიცებულებების განადგურების საშიშროება,“- განმარტა მოსამართლემ.