საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარი ნარჩემაშვილი გამოეხმაურა რუსული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხებში ვლადიმერ პუტინის სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოსთან და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრების დადგენა დაევალა.
„ბუნებრივია, რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხი არ შეიძლება, დღის წესრიგში დადგეს, ვიდრე რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული აქვს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები, ვიდრე არ მოხდება აღნიშნული ტერიტორიების დეოკუპაცია და 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სრულად არ შესრულდება. რუსეთის ფედერაციას, ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმებს შორის გაფორმებული ნებისმიერი ე.წ. შეთანხმება, მათ შორის, ე.წ. საზღვართან დაკავშირებით, არის ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებული, უკანონო და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, ეს შეფასებული იქნება, როგორც სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების მორიგი ძალისმიერი მცდელობა. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, რომ პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს, გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და მოახდინოს აღნიშნული ტერიტორიების დეოკუპაცია“ - განაცხადა მარი ნარჩემაშვილმა.
ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთან და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრების დადგენა პრეზიდენტის წარმომადგენელს დაავალა. დავალების შესრულებაზე, პასუხისმგებელი მიხაილ პეტრაკოვი იქნება.