უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჯეი დუდამ „სამი ზღვის ინიციატივის“ სამიტამდე სატელეფონო საუბარი გამართეს. შესაბამისი პოსტი უკრაინის პრეზიდენტის Twitter-ზე განთავსდა.
„მოლაპარაკება მქონდა პოლონეთის პრეზიდენტ ანდჯეი დუდასთან. მადლობა გადავუხადე ურყევი მნიშვნელოვანი თავდაცვითი დახმარებისთვის, ასევე, უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდაჭერისთვის. კოორდინირებული პოზიციები დავაფიქსირეღ „სამი ზღვის ინიციატივის“ სამიტამდე“, - დაწერა ზელენსკიმ Twitter-ზე.
„სამი ზღვის ინიციატივა“, რომელიც 2015 წელს წამოიწყეს პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჯეი დუდამ და ხორვატიის პრეზიდენტმა კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩმა, ბალტიის, შავი და ადრიატიკის ზღვების პარტნიორული ბლოკია, რომელიც ცდილობს, გააღრმაოს კავშირები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპას შორის.
პროექტი აერთიანებს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 12 ქვეყანას, რომლებიც ევროკავშირის წევრები არიან: ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნები, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ავსტრია, ხორვატია, რუმინეთი, სლოვენია და ბულგარეთი. ინიციატივის ძირითადი მიმართულება ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებაა.