საქართველოს პროკურატურამ თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მომხდარი ხულიგნობის ფაქტზე 3 პირს წარუდგინა ბრალდება, ხოლო ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეზე დაპირისპირებაში მონაწილე სხვა პირთა იდენტიფიცირებისა და პასუხისგებაში მიცემის მიზნით გამოძიება გრძელდება.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 11 ივნისს, თბილისში დავით აღმაშენებლის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულებმა ურთიერთშელაპარაკების შედეგად წარმოშობილი კონფლიქტის დროს სხვადასხვა საგნების გამოყენებით ოთხ პირს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რა დროსაც ერთ-ერთმა ბრალდებულმა ერთ პირს ბასრი საგნით მიაყენა ჭრილობა. ბრალდებულები ხმოვანი იარაღის და დანის დემონსტრირებით დაზარალებულებს ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრნენ, რა დროსაც ერთ-ერთმა ხმოვანი იარაღიდან გაისროლა. მომხდარი დაპირისპირების შედეგად სხვადასხვა სახის ჯანმრთელობის დაზიანება სულ ხუთმა პირმა მიიღო, მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ. სამართალდამცველებმა სამი პირი 17 და 18 ივნისს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით (ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, იარაღად სხვა საგნის გამოყენებით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ერთ ბრალდებულს დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ოთხივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დაპირისპირებაში მონაწილე სხვა პირთა იდენტიფიცირებისა და პასუხისგებაში მიცემის მიზნით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.