რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკომ ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან საუბარში შეხვედრების ნეიტრალურ ტერიტორიაზე გადატანის პერსპექტივების საკითხი დასვა.
„რუსულმა მხარემ ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების, ევროკავშირის, ეუთოს, ასევე შვეიცარიის მიერ გადადგმული ნაბიჯების დესტრუქციულობას, რაც სერიოზულ დაბრკოლებებს უქმნის ჟენევის ფორმატის ნორმალურ ფუნქციონირებას. შექმნილ პირობებში ობიექტურად ჩნდება კითხვა, ჟენევიდან შეხვედრის ყველა მონაწილისთვის მისაღებ, უფრო ნეიტრალურ ადგილზე გადატანის აუცილებლობის შესახებ“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, 20 ივნისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ ვიდეოკონფერენციის ფორმატში ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ გაეროს წარმომადგენელი ჯიჰან სუნთანოღლუ, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ვოილერ მოშანუ და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ტოივო კლაარი.
ცნობისათვის, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 56-ე რაუნდი, რომელიც 2022 წლის 20-30 მარტს უნდა გამართულიყო, უკრაინაში ომის გამო შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით გადაიდო. ამ დრომდე უცნობია, თუ როდის აღდება მოლაპარაკებები.