კორონავირუსის ახალი შტამი უფრო გადამდებია

სააგენტო “როიტერის” ცნობით, ჰიუსტონის მეთოდისტური საავადმყოფოს მკვლევარებმა ოთხშაბათს განაცხადეს, რომ ახალი კორონავირუსის სტრუქტურის ანალიზის პირველმა კვლევამ დაადგინა, რომ დიდ ქალაქში ინფექციის ორი ტალღიდან აღებულ ბოლო ნიმუშებში, ვირუსის უფრო გადამდები შტამი დომინირებს.

მათ ეთნიკურად მრავალფეროვანი, 7 მილიონიანი ჰიუსტონის პანდემიის ადრეულ ფაზაში და ინფექციის ბოლო ტალღის დროს აღებული ვირუსების 5 ათასზე მეტი გენომი გამოიკვლიეს.

კვლევამ, რომელიც სხვა ექსპერტებს ჯერ არ შეუფასებიათ, დაადგინა რომ მეორე ტალღის თითქმის ყველა სახეობას ჰქონდა მუტაცია D614G, რომელიც ვირუსზე გვირგვინის ფორმის ერთგვარი წაწვეტებების, ე.წ. სპაიკ-ცილების უფრო გაზრდილი რიცხვით გამოიხატება.

ეს ერთგვარი წაწვეტებები, ვირუსს სხვა უჯრედებზე მიწებების, მათში შეღწევის მეტ საშუალებას აძლევს და მუტანტ ვირუსს ინფიცირების მეტ უნარს უჩენს.

ჰიუსტონელმა მკვლევარებმა თქვეს, რომ ამ შტატმის ვირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს, თავდაპირველი დიაგნოზისას, ვირუსის მნიშვნელოვნად მეტი რაოდენობა ჰქონდათ.

თუმცა მკვლევარებმა ვერ იპოვეს რაიმე მინიშნება იმ მიმართულებით, რომ ამ მუტაციამ ვირუსი უფრო მომაკვდინებელი გახადა. ისინი ფიქრობენ, რომ ვირუსით გამოწვეული დაავადების (კოვიდ-19) სიმძიმე უფრო მეტად პაციენტის ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობას და გენეტიკას უკავშირდება, და არა ვირუსის მუტაციას.

მათ ასევე თქვეს, რომ ცილის ზოგიერთმა მონაკვეთმა, რომელიც კორონავირუსის ვაქცინაზე ამჟამად მიმდინარე სამუშაოების მთავარი სამიზნეა, რამდენიმე მუტაცია განიცადა, რაც სავარაუდოდ იმაზე მიანიშნებს, რომ ვირუსი სახეს იცვლის, რათა სხეულის იმუნურ რეაქციას თავი აარიდოს.

წინა კვლევებმაც აჩვენა, რომ ადამიანის მასპინძელ სხეულთან შესაგუებლად, კორონავირუსი მუტაციას განიცდის და იცვლება.