გაერთიანებულ სამეფოშო Oxford-AstraZeneca -ს ვაქცინით აცრა დღეიდან დაიწყება

გაერთიანებულ სამეფოში Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში Oxford-AstraZeneca-ს მიერ შექმნილი ვაქცინის გამოყენებას იწყებენ.

BBC-ის ინფორმაციით, ვაქცინის 530 000 დოზა მზად არის და მოქალაქეებს ოქსფორდის, ლონდონის, სასექსის, ლანკაშირისა და უორუიკშირის საავადმყოფოებში დღეიდან აცრიან.

გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მინისტრმა მეთ ჰენკოკმა ვაქცინაციის პროგრამაში კიდევ ერთი ვაქცინის ჩართვას „გადამწყვეტი მომენტი“ უწოდა.

უელსის მთავრობის განცხადებით, მინიმუმ 40,000 დოზა ხელმისაწვდომი იქნება პირველი ორი კვირის განმავლობაში. უელსში 35000-ზე მეტ ადამიანს უკვე მიღებული აქვს პირველი ვაქცინის ერთი დოზა Pfizer-BioNTech- ისგან.

”ეს გადამწყვეტი მომენტია ამ საშინელი ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში,“- აღნიშნა ჰენკოკმა.

აღსანიშნავია, რომ გაერთიანებულ სამეფოში მოქალაქეებს ვაქცინის პირველ და მეორე დოზას 12 კვირის და არა დაგეგმილი 21 დღის შუალედით გაუკეთებენ. ამ გადაწყვეტილებას ქვეყნის ჯანდაცვის სფეროს ოფიციალური პირები იმით ხსნიან, რომ „ბევრად უფრო სასურველია“, ვაქცინის პირველი დოზა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს.

დიდ ბრიტანეთში მოქალაქეების კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია 8 დეკემბერს, Pfizer-BioNTech-ის მიერ შექმნილი ვაქცინის გამოყენებით დაიწყო და ამ დროისთვის ვაქცინის პირველი დოზა მილიონზე მეტ ადამიანს აქვს გაკეთებული.